logo
ENG



სალივანი: თუ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, აშშ-სგან კატასტროფულ შედეგს მიიღებს

25 სექ 202222:52
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/25/l6lh55gdk89lmsm.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი ამბობს, რომ თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ეს რუსეთისთვის კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება.

როგორც სალივანმა ABC-სთან ინტერვიუში აღნიშნა, ამერიკა და დიდი შვიდეულის ქვეყნები რუსეთს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმების გამო, დამატებით ეკონომიკურ სანქციებსაც დაუწესებენ.

"თუ რუსეთი ამ ხაზს გადაკვეთს, ეს მისთვის კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება. ამერიკა და მისი პარტნიორები მათ მკაცრ პასუხს გასცემენ. ჩვენ ძალიან კონკრეტულად და მკაფიოდ ავუხსენით რა შედეგები შეიძლება ამ ყველაფერს მოჰყვეს. ეს განმარტებები პირადი არხებით გაკეთდა. რაც შეეხება სანქციებს, დამატებითი სანქციები იქნება, მათ შორის იმ ორგანიზაციების და კომპანიების მიმართ, რომლებიც რუსეთის ფარგლებს გარეთაა, რომლებიც მხარს უჭერენ რუსულ საომარ მანქანას ან მხარს უჭერენ ამ ე.წ. რეფერენდუმებს ან აძლიერებენ რუსეთს", - თქვა მან.

სალივანი ამბობს, რომ თავის მხრივ ამერიკა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს. რაც შეეხება ნაწილობრივი მობილიზაციის გამო რუსეთში დაწყებულ პროტესტს, ბაიდენის მრჩეველმა თქვა, რომ აშშ კონცენტრირებულია უკრაინის გვერდში დგომაზე, ხოლო "რუსეთის მომავალი რუსმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს".

მანამდე Washington Post წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ვაშინგტონი უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთს აფრთხილებს სავალალო შედეგების შესახებ, თუ ის უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.


close დახურვა