პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პანდემიის დროს ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერთავდასხმას "ანტიჰუმანურ აქტად" აფასებს. ამის შესახებ განცხადებას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. სალომე ზურაბიშვილის შეფასებითვე, კიბერთავდასხმა საქართველოს დაშინების მორიგი მცდელობაა.
"ცხადია, შეტევის მიზანი მხოლოდ ლაბორატორიის პარალიზება არ ყოფილა. ნიშანდობლივია და მთელ რიგ კითხვებს ბადებს თავდასხმისათვის შერჩეული დრო და ის უსუსური მინიშნებები და მცდელობები, რაც პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით გამოიყენა რუსულმა მხარემ ალექსეი ნავალნის მოწამვლისას გამოყენებული ნივთიერების წარმომავლობასთან დაკავშირებით", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
პრეზიდენტი მოუწოდებს ყველა შესაბამის სტრუქტურას, უახლოეს დროში გამოიძიონ ლუგარის ცენტრზე თავდასხმა.
საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ეს იყო გამიზნული შეტევა მისი პარალიზებისთვის. ის ამ ქმედებას "დეზინფორმაციულ და უკანონო კამპანიის ნაწილად" აფასებს.
ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოზე 2019 წლის 28 ოქტომბერსაც განხორციელდა. კიბერშეტევის მსხვერპლი სახელმწიფო უწყებები და მედია ორგანიზაციები იყვნენ. 2019 წლის 28 ოქტომბრის კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ორგანიზაციების სერვერები, მართვის სისტემა და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.