logo
ENG



სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროკავშირისა და ნატო-ს ლიდერებს შეხვდება

21 იან 202100:24
3 წუთის საკითხავი
 
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროკავშირისა და ნატო-ს ლიდერებს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვია. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ევროპულ საბჭოში, ევროკომისიასა და ევროპარლამენტში.

22 იანვარს, პრეზიდენტი ასევე შეხვდება ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, რის შემდეგაც მედიისათვის ონლაინ ფორმატში ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. 

"პრეზიდენტის ვიზიტი ასევე გამოირჩევა ორი გარემოებით. ერთი, ეს არის "კოვიდ 19"-ის პანდემია, რომელიც ძალიან აქტიურად განსახილველი თემა იქნება და მეორე გარემოება არის საქართველოს გაჟღერებული სურვილი, რომ 2024 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად გააკეთოს ოფიციალური განაცხადი. განსახილველი თემა იქნება, როგორ ვემზადებით ამისთვის და რა ეტაპები უნდა გაიაროს საქართველომ. ძირითადი აქცენტი გაკეთდება ეკონომიკურ და სექტორულ ინტეგრაციაზე, როგორც სრული ინტეგრაციისაკენ გადადგმულ ნაბიჯზე. წელს უნდა ჩატარდეს ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, ეს თემაც ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია", - განაცხადა ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალი საბანაძემ.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტი შეხვდება ბელგიის მეფეს და ასევე, კულტურული ფესტივალის - Europalia წარმომადგენლებს. 


close დახურვა