საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს, ალარ კარის ტალინში შეხვდა. შეხვედრის ამსახველ ფოტომასალას პრეზიდენტი Facebook-ზე აქვეყნებს.
მოგვიანებით, ესტონეთის პრეზიდენტმა ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ Twitter-ზე დაწერა: "მქონდა ძალიან კარგი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. ესტონეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ჩვენ ვგულშემატკივრობთ საქართველოს მის ევროპულ გზაზე".
დღეს გახდა ცნობილი, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს აგრძელებს. ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტის გარდა, 26 სექტემბერს რიგაში ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტ, ედგარს რინკევიჩსა და 27 სექტემბერს ვილნიუსში ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტ, გიტანას ნაუსედას შეხვდება.
პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე წარდგინებას საკონსტიტუციო სასამართლო ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს განიხილავს. არსებითი განხილვა 12:00 საათზე იქნება - მასში მონაწილეობას მიიღებენ წარდგინების ავტორები და საქართველოს პრეზიდენტი.
საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტზე წარდგინება წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო.
პირველ სექტემბერს ქართულმა ოცნებამ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. მიზეზად პარტიაში მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრება დაასახელეს, რითაც მან "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".
ამას წინ უსწრებდა პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტი, სადაც ის საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებს შეხვდა.
30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.