საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში იმყოფებოდა, სადაც 15 წლის ლუკა სირაძის სამოქალაქო პანაშვიდი იყო.
მისი განცხადებით, ლანძღვა, უნდობლობა და უიმედობა საზოგადოებაზე გარკვეულ კვალს ტოვებს და სწორედ ამიტომ, დაფიქრებაა საჭირო.
„გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, რომ ამდენმა ლანძღვამ, უნდობლობამ, დაუნდობლობამ, უიმედობამ არ შეიძლება გაიაროს ისე, რომ არ დატოვოს თავისი კვალი. იმის მაგივრად, რომ მერე ვიტიროთ, მანამდე ვიფიქროთ,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სამოქალაქო პანაშვიდი წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დღეს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც ოჯახის ახლობლები, გარდაცვლილი არასრულწლოვნის მეგობრები და სხვა მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ 15 წლის ლუკა სირაძემ პოლიციაში დაკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა და საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოხტა. ის მძიმე დაზიანებებით იაშვილის კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.