პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დღეს, 5 მარტს სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ-ს ეწვევა და ნიუ-იორკში, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიას დაესწრება.
მათივე განცხადებით, 6 მარტს საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს გაეროს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ სესიის ფარგლებში, ქალთა და გოგონათა გაძლიერების შესახებ ინოვაციებზე, ტექნოლოგიურ ცვლილებებსა და ციფრულ ეპოქაში განათლების საკითხებზე იმსჯელებენ.
"ნიუ-იორკში სამუშაო ვიზიტისას დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან, ამინა მოჰამედთან, გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორთან, სიმა სამი ბაჰუსთან, გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორთან, აჰიმ შტაინერთან. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი ორმხრივ შეხვედრას გამართავს ფორუმში მონაწილე ქვეყნების პრეზიდენტებთან და ნიუ იორკის მერთან, ერიკ ადამსთან", - აცხადებენ ადმინისტრაციაში.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი იელისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებში, სადაც ჯონ კენედის სახელობის სამთავრობო სკოლაში საჯარო ლექციას წაიკითხავს. ამასთან, ზურაბიშვილი ჰარვარდის კლუბსაც ეწვევა, სადაც კლუბის წევრებთან რეგიონში შექმნილ მდგომარეობასა და გეოპოლიტიკურ ვითარებაზე იმსჯელებენ.