logo
ENG



სალომე სამადაშვილი შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელს ინდივიდუალურად მოაწერს

19 აპრ 202121:43
3 წუთის საკითხავი
 
სალომე სამადაშვილი შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელს ინდივიდუალურად მოაწერს

ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განახლებულ დოკუმენტს ხელს მოაწერს, როგორც "ინდივიდუალური პარლამენტის წევრი".

ორბელიანების სასახლესთან მისულმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებულია. 

"პოლიტსაბჭოზე გადაწყდა, რომ ნაციონალური მოძრაობა თავს შეიკავებს დოკუმენტის ხელმოწერისგან, სანამ ნიკა მელია პატიმრობაშია. ასევე, პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებით, მე გადავწყვიტე, დღეს, როგორც ინდივიდუალურმა წევრმა პარლამენტის, ხელი მოვაწერო ამ დოკუმენტს", - თქვა სამადაშვილმა. 

დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარკების მიღწევის მიზნით ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს, რომელშიც, კრისტიან დანიელსონის წინადადებისგან განსხვავებით, ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი. 

  • ახალ წინადადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 
  • რომ ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი - 0%-დან 2%-მდე. 
  • და რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.  

დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა "გირჩის" სამმა წევრმა: ვახტანგ მეგრელიშვილმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა და იაგო ხვიჩიამ, ასევე ლელომ და ზურაბ ჯაფარიძემ. 

 


close დახურვა