სალომე სამადაშვილმა ნაციონალური მოძრაობა ოფიციალურად დატოვა.
მისი თქმით, დღეს ესაუბრა პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიას, ისინი მეგობრებად რჩებიან, თუმცა პარტიას ტოვებს.
"ნიკა მელიასთან მქონდა გრძელი სატელოფონო საუბარი და მისთვის გასაგებია ჩემი პოზიცია, ჩემთვის გასაგებია - მისი. ჩვენ ვრჩებით მეგობრებად, მაგრამ პარტიულად დღეს ჩვენი გზები იყრება. მე დღეს ოფიციალურად მივმართე უკვე ნაციონალურ მოძრაობას იმის თაობაზე, რომ მე პარტიას ვტოვებ", - თქვა სამადაშვილმა.
მისივე განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არმოწერამ პარტიასთან მისი თანამშრომლობა შეუძლებელი გახადა.
"უხეშ პოლიტიკურ შეცდომად მიმაჩნია ის, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ხელი არ მოაწერა მიშელის დოკუმენტს. ვთვლი, რომ ამან შეუძლებელი გახადა ჩემი თანამშრომლობა პარტიასთან, მათ შორის განსაკუთრებით იმიტომ, რომ მე ვიყავი ერთერთი მომლაპარაკებელი. ვფიქრობ, საერთაშორისო ასპარეზზე ეს გადაწყვეტილება არის ძალიან დამაზიანებელი და მე მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან დიდი შეცდომა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, რომ დღემდე ამ დოკუმენტს არ აქვს მათი მხრიდან ოფიციალური ხელმოწერა", - აღნიშნა სამადაშვილმა.
პარტიასა და სამადაშვილს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც პოლიტიკოსმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერა. პარტიის ნაწილმა სამადაშვილი გააკრიტიკა და მოითხოვა, მას ენმ დაეტოვებინა. სამადაშვილმა მალევე დააანონსა, რომ მას შემდეგ, რაც მელია ციხეს დატოვებდა, მასთან კონსულტაციას გაივლიდა და პარტიას ოფიციალურად დატოვებდა.
ნაციონალურ მოძრაობაში ამბობდნენ, რომ დოკუმენტზე ხელის მოწერაზე გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებდნენ, როცა მელია თავისუფალი იქნებოდა. მელიამ საპატიმრო დატოვა, ახლა პარტიაში კი კონსულტაციები იმართება.