სალხინოს მონასტერში დაპირისპირების მონაწილე 10-მდე პირი მარტვილის პოლიციაში გამოკითხეს
მათ შორის იყო ნაცემი მამა ანანია კალანდიაც, რომელსაც მიტროპოლიტი სტეფანეს მხარდამჭერებმა სცემეს.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ფიზიკურ ანგარიშსწორებას გულისხმობს.
გუშინ, 25 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე, წირვა სალხინოს მამათა მონასტერში ხმაურისა და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
ეკლესიის ეზოში ბზობის დღესასწაულზე შეიკრიბნენ როგორც მიტროპოლიტი სტეფანეს მხარდამჭერები, ისე მასთან დაპირისპირებული სასულიერო პირები და მრევლი როგორც ჭყონდიდის, ისე სხვა ეპარქიებიდან.
ერთმანეთს სწორედ მეუფე სტეფანესა და ჭყონდიდის გადაყენებული მიტროპოლიტის პეტრე ცაავას მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.
იქ ჩასულები იყვნენ სპორტსმენები, რიონის ხეობის მცველები და ბიზნესმენები, კლიმენტი კეკუტია და ლაშა პაპაშვილიც.
პირველი დაპირისპირება ადგილობრივი ბიზნესმენის, კლიმენტი კეკუტიას გამოჩენას მოჰყვა, რომელიც ყოფილ ჭყონდიდელ მიტროპოლიტს, პეტრე ცაავას ღიად უპირისპირდება და როგორც სხვა სასულიერო პირები ამბობენ, 22 აპრილს მას უშვერი სიტყვებითაც აგინებდა.
პეტრე ცაავას მხარდამჭერი მღვდლები, რომელთა ნაწილსაც მიტროპოლიტმა სტეფანემ მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა, ამბობენ, რომ კლიმენტი კეკუტიას არ აქვს უფლება, ეკლესიაში მივიდეს.
შემდეგ კი დაძაბულობა სალხინოს ეკლესიის ეზოში თავად მიტროპოლიტ სტეფანეს გამოჩენას მოჰყვა.
პეტრე ცაავას მხარდამჭერი სასულიერო პირები მასაც არ აძლევდნენ ტაძარში შესვლის უფლებას, თუმცა, პოლიციის დახმარებით, მიტროპოლიტმა ეკლესიაში შესვლა შეძლო.