logo
ENG



სამადაშვილი: კარგი იქნება, ოპოზიციამ შეთანხმებასთან მიმართებით ერთიანი მიდგომა შეინარჩუნოს

19 აპრ 202117:48
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და ფასილიტატორ ელჩებს შორის შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათ ელჩებთან დეტალური მსჯელობა ჰქონდათ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტთან დაკავშირებით და გარკვეულ საკითხებზე პარტიის ხედვები გააცნეს. 

სამადაშვილის თქმით, მათ საარჩევნო რეფორმის საკითხი, ნიკა მელიას გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა განიხილეს.

"არსებობს კონკრეტული საკითხები, რომელზეც გვაქვს ჩვენი პრობლემატური შეფასებები. ამ საკითხებთან დაკავშირებით გვქონდა დეტალური მსჯელობა, გავაცანთ ჩვენი ხედვა ელჩებს, მოვისმინეთ მათი აზრი და ახლა გაიმართება დამატებითი კონსულტაცია პარტიის ფარგლებში იმისათვის, რომ ჩამოვაყალიბოთ ჩვენი შემდგომი პოზიცია დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე. ვიმსჯელეთ სხვადასხვა საკითხებზე, რომელიც შეეხება როგორ საარჩევნო რეფორმას, ასევე ნიკა მელიას პატიმრობის და მისი გათავისუფლების საკითხებს", - ამბობს სამადაშვილი.

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია შეთანხმებასთან დაკავშირებით ოპოზიციამ ერთიანი პოზიცია შეინარჩუნოს. 

"ჩემი აზრია, რომ ძალიან კარგი იქნება, რომ ოპოზიციამ საბოლოო ჯამში, ამ შეთანხმებასთან მიმართებაში ერთიანი მიდგომა შეინარჩუნოს, ახლა მნიშვნელოვანია შიდა პარტიული პროცესები", - აცხადებს სამადაშვილი.

დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარაკების მიღწევის მიზნით ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს.

მასში, კრისტიან დანიელსონის წინადადებისგან განსხვავებით, ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი. 

  • ახალ წინადადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 
  • რომ ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი - 0%-დან 2%-მდე. 
  • და რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.  

რა წერია მედიატორების შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტში, წაიკითხეთ აქ.


close დახურვა