logo
ENG



სამადაშვილი: მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულება მხოლოდ რუსეთის ინტერესია

14 მარ 202112:00
3 წუთის საკითხავი
 
სამადაშვილი: მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულება მხოლოდ რუსეთის ინტერესია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკური კრიზისში მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულება მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელთან, კრისტიან დენიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე სამადშვილმა თქვა: 

"რუსეთის ინტერესებშია, რომ ევროკავშირი ხელცარიელი წავიდეს ამ პროცესიდან და ვერ შეძლოს ჩვენს ქვეყანაში იმ როლის თამაში, რასაც ჰქვია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაში ხელშემწყობი ფუნქციის შესრულება. 

ყველა საკითხზე - ვადამდელ არჩევნებზე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე ხელისუფლების პოზიცია, რომ ისინი არ აპირებენ დათმობაზე წასვლას, პირდაპირ ასხამს წყალს რუსეთის ინტერესებზე. 

დაე, საზოგადოებამ განსაჯოს მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, ვინ სცადა ყველაფრის გაკეთება, რომ მოლაპარაკება წარმატებით დასრულებულიყო". - თქვა სამადაშვილმა. 

მისივე განცხადებით, ოპოზიციამ არაერთხელ გამოხატა მზადყოფნა, მოლაპარაკებებში მონაწილეობა კონკრეტული შედეგის დადგომის მიზნით მიიღოს. 

"მაგრამ მოლაპარაკებებს ჰყავს ორი მხარე, ამიტომ შეთანხმების მთავარი გასაღები, ცხადია, არის ხელისუფლების განკარგულებაში". - ამბობს ის. 

სამადაშვილი კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთ გზად პლებისციტის საკითხს ასახელებს, რომელიც ოპოზიციამ ხელისუფლებას რამდენიმე თვის წინ შესთავაზა და რომლის მიხედვითაც, მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, უნდა ჩატარდეს თუ არა ვადამდელი არჩევნები. 

"საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენ უკვე წავედით გარკვეულ კომპრომისებზე ამ პროცესში, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, როდესაც განვაცხადეთ, რომ დაე, ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს პლებისციტის გზის ჩატარდეს თუ არა ვადამდელი არჩევნები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყანას კრიზისიდან გამოსასვლელად სჭირდება ვადამდელი არჩევნები. შეთანხმების ერთადერთი საგანი, რომელზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, არის გზა, თუ როგორ მივალთ ამ ვადამდელ არჩევნებამდე. ცხადია, პოლიტპატიმრების ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება რჩება ოპოზიციის უკლებლივ ყველა სუბიექტის მოთხოვნად, რომელიც, მიგვაჩნია, რომ იქნება ნდობის აღდგენის მექანიზმი იმისთვის, რომ საერთოდ ეს შეთანხმება შედგეს და იყოს შესაძლებელი". - თქვა სამადაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე. 

ოპოზიციასთან შეხვედრამდე კრისტიან დენიელსონი კარლ ჰარცელთან და კელი დეგნანთან ერთად უკვე შეხვდა ქართული ოცნების წარმომადგენლებს. დღის ბოლოს კი დასავლელი პარტნიორები ოპოზიციას და ხელისუფლებას გაერთიანებულ სხდომაზე შეხვდებიან. 


close დახურვა