logo
ENG



სამადაშვილი: ჩემი პირადი აზრია, ოპოზიციამ უარი თქვას არჩევნების შედეგების მიღებაზე

02 ნოე 202012:42
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, სალომე სამადაშვილი არჩილ თალაკვაძის განცხადებას პასუხობს, თითქოს, მათი პარტია ოპოზიციას პარლამენტში შესვლაზე "პოლიტიკურად აშანტაჟებს". სამადაშვილი აღნიშნავს, რომ მისი "პირადი აზრია" ოპოზიციურმა სპექტრმა უარი თქვას ჩატარებული არჩევნების შედეგების მიღებაზე. 

"იმისთვის, რომ არავინ დამადანაშაულოს, რომ ვინმეზე ზეწოლას ვახორციელებ, ვაპირებ ვთქვა ჩემი პირადი აზრი: სწორი იქნება, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ერთობლივად უარი უთხრას ბიძინა ივანიშვილს ამ არჩევნების შედეგების მიღებაზე.

კონსულტაციების სჭირდება მთლიანად ოპოზიციურ სპექტრს. მიუხედავად იმისა, რას ამბობს ბატონი თალაკვაძე და ქართული ოცნების წარმომადგენლები, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შემდგარიყო ოპოზიციური ერთიანობა", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

ქართული ოცნების ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის პროტესტის პასუხად თქვა, რომ პარლამენტში შესვლაზე ბოიკოტით, ნაციონალური მოძრაობა სხვა ბარიერგადალახურ პარტიებს პოლიტიკურად აშანტაჟებს. 

"ბოიკოტის თავს მოხვევის მცდელობა იქნება ბარიერგადალახული სხვა პარტიებისთვის ერთგვარი ტესტი, შეძლებენ თუ არა ისინი თავი დააღწიონ ნაციონალური მოძრაობის მონოპოლიას და დამოუკიდებელი პოლიტიკა აწარმოონ.

ყველამ პატივი უნდა სცეს საზოგადოების გადაწყვეტილებას და არჩევნების შედეგებს, რომელიც სადამკვირვებლო მისიებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უკვე აღიარა, როგორც კონკურენტული არჩევნების შედეგი", - ამბობს თალაკვაძე.

ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნები გააყალბა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. მათი ნაწილი პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს, ნაწილი კი ჯერ კიდევ შიდა კონსულტაციებს მართავს. 

ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტის წინ კვირას 8 ნოემბერს 19:00 საათზე მასშტაბური აქცია დააანონსეს.


close დახურვა