logo
ENG



სამადაშვილი გახარიას:დემოკრატია არა თქვენი აქ მოსვლა, არამედ არჩევნებია, რომელიც ჩატარდება

26 ივნ 202014:05
3 წუთის საკითხავი
 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ქვეყანაში გამჭვირვალე არჩევნები უნდა ჩატარდეს და მხოლოდ ეს იქნება დემოკრატიის საზომი საქართველოში. 

სამადაშვილმა პრემიერს ასევე სამართლიანი არჩევნების მზადების დაწყება ურჩია და კონკრეტული კითხვით მიმართა, რომელიც გორში პარტიის ოფისის დარბევას ეხება. 

„თურმე თქვენი აქ რამდენჯერმე მოსვლა არის დემოკრატიის ნიშანი. დემოკრატიის საზომი იქნება ის არჩევნები, რომელიც ქვეყანაში უნდა ჩატარდეს. სწორედ ამ არჩევნებზე გვაფრთხილებენ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები, რომ თქვენი ხელისუფლება და არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სტაბილურობას. ის უნიჭო პასკვილები, რომლებსაც თქვენი დაქირავებული ლობისტები ივანიშვილის მძიმე ბავშვობაზე უგზავნიან კონგრესს, ამ საკითხს დღის წესრიგიდან ვერ მოხსნის. ნაცვლად იმისა, რომ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნებისთვის დაიწყოთ მზადება, კრიმინალების მომზადებას იწყებთ. გავიგეთ, რომ არ გაინტერესებთ ვინ დაუშინა დათვზე სანადირო ტყვიები მოქალაქეებს პარლამენტთან, მაგრამ იქნებ ამით დაინტერესდეთ?!", - მიმართა სამადაშვილმა გახარიას და მას დარბეული ოფისის ფოტოები აჩვენა. 

შეგახსენებთ, რომ გორში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი დაარბიეს. პარტიის ოფისში დაზიანებულია ტექნიკა და ჩამტვრეულია შუშა. 

გახარიამ კი საკუთარი გამოსვლა პარლამენტში იმით დაიწყო, რომ მისი საკანონმდებლო ორგანოში მესამედ სტუმრობა, დემოკრატიის განვითარების ნიშანია. ოპოზიცია, რომელიც ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება, პლენარულ სესიაზე დასწრება გადაწყვიტა. 


close დახურვა