logo
ENG



სამადაშვილი ელჩების მოსმენაზე: ამაზე დიდი საერთაშორისო სკანდალი რთული წარმოსადგენია ჩემთვის

16 სექ 202114:44
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ სუს-ის მიერ ელჩების ფარული მიყურადება საერთაშორისო დიპლომატიური სკანდალია. 

მან ფორმულას ეთერში საუბრისას თქვა, რომ ეს მხოლოდ შეცდომა არაა და ხელისუფლებამ დიპლომატების ფარული თვალთვალით ის ნდობა ჩამოშლა, რაც პარტნიორ ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ. 

"სერიოზული დიპლომატიური სკანდალია იმიტომ, რომ პირდაპირ არღვევს ყველა ვალდებულებას, რომელიც აღებული აქვს საქართველოს, როგორც ვენის კონვენციის ხელმომწერ მხარეს და შესაბამისად, აღებულია აქვს პასუხისმგებლობა, რომ უზრუნველყოს მის ტერიტორიაზე მოქმედი დიპლომატიური მისიების თავისუფალი გაცვლა და ამ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა", - ამბობს სამადაშვილი.

სამადაშვილის თქმით, ხელისუფლებამ ღიად გამოაცხადა, რომ პარტნიორი ქვეყნების დიპლომატიურ სამსახურებს მოწინააღმდეგეებად აღიქვამს. 

"დღეს უკვე ღიად და აშკარად გამოაცხადა ხელისუფლებამ, რომ დემოკრატიული და სტრატეგიული ქვეყნების დიპლომატიურ სამსახურებს ისინი მოიაზრებენ როგორც მოწინააღმდეგეებს. ამაზე დიდი საერთაშორისო სკანდალი რთული წარმოსადგენია ჩემთვის",- თქვა მან. 

13 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა.

ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უსმენენ როგორც საელჩოების თანამშრომლებს, ისე უშუალოდ ელჩებს. 

ფაილებში ასევე არის პირადი ინფორმაცია სინოდის წევრებზე, პატრიარქის მოსაყდრეზე, მღვდელმთავრებზე, პატრიარქის თანაშემწეებზე, ეპისკოპოსებზე, მონაზვნებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსაც. 

ჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდება. 

ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ ის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც ჩანაწერებში ფიგურირებს. 

პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.


close დახურვა