შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნინოწმინდაში მომხდარი მკვლელობისთვის ერთი პირი დააკავეს.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში დაპირისპირება რამდენიმე პირს შორის მოხდა, რა დროსაც ბრალდებულმა ო.პ-მ თანასოფლელები, ს.ა, ს.ბ და ვ.ბ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. ამავე დაპირისპირების დროს, ცივი იარაღით დაზიანებები მიიღო მ.ი-მ.
ს.ა მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებით მომხდართან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.