ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქალის მკვლელობისთვის დაკავებულ სამართალდამცავს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. ის 116-ე მუხლითაა დაკავებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით 6 თვიდან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4 წლამდე.
როგორც დაკავებულის უფლებადამცველი ნუგზარ წერეთელი აცხადებს, ბრალდებული ჩადენილს აღიარებს.
„ნანობს, დაზაფრულია მომხდარი ფაქტის გამო. აღიარებს იმ ფაქტს, რომ გასროლა განახორციელა საკუთარი იარაღით, საკუთარი სახლიდან. ჯერჯერობით, რაც ვიცით საგამოძიებო ორგანოებიდან, სავარაუდოდ, მისი იარაღიდანაა გარდაცვლილი ქალბატონი. ჯერჯერობით დეტალებზე ვერ ვისაუბრეთ. დეტალურად გვეცოდინება ამს შემდეგ, როდესაც მტკიცებულებას მივიღებთ საგამოძიებო უწყებიდან.
"არ ყოფილან უგონოდ მთვრალები. რამდენიმე ჭიქა დალიეს, უბრალოდ, აღდგომა მიულოცეს ერთმანეთს. მითხრეს, რომ საკმაოდ სტრესულ გარემოში უწევთ მუშაობა. ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია გასროლის დრო, სასწრაფოში დარეკვის დრო. დეტალებში ვერ ვესაუბრე“, - აცხადებს უფლებადამცველი.
შუახნის ქალი ვაჟა-ფშაველას გამზირზე სამართალდამცავის ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინსიტროს ორგანიზებული დანაშაულის დეპარტამენტის თანამშრომელმა სიმონ გაბრიაძემ აღდგომის ღამეს აივნიდან მაკაროვის ტიპის იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა-ერთი ბრმა ტყვია მოპირდაპირე კორპუსში, თამუნა ანთელავას მოხვდა, რომელიც საკუთარ სახლში ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ტელევიზორს უყურებდა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.