სამდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე რიონში 21 აგვისტოს გაუჩინარებული ბავშვის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
"სამდღიანი უწყვეტი, 24 საათიანი საძიებო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, მდინარეში ახალგაზრდა ადამიანის ცხედარი იქნა ნაპოვნი", - ამბობენ უწყებაში.
მოზარდი სოფელ გულიანკარში ცხოვრობდა. 21 აგვისტოს ის კიდევ 3 ბავშვთან ერთად მდინარეზე სათევზაოდ იყო, რა დროსაც წყლის ძლიერმა დინებამ გაიტაცა. დანარჩენების ამოყვანა მოხერხდა, მას კი ამ დრომდე ეძებდნენ.