logo
ENG



სამედიცინო ტესტები, რომელზეც საქართველომ ხელშეკრულება გააფორმა, უვარგისი აღმოჩნდა

27 მარ 202020:10
3 წუთის საკითხავი
 

ქვეყანაში სწრაფი ტესტების შემოტანა ისევ იგვიანებს. ხელისუფლებას სანდო მომწოდებლის მოძებნა თავიდან უწევს, მას შემდეგ, რაც ტესტები, რომელზეც საქართველომ ხელშეკრულება გააფორმა, უვარგისი აღმოჩნდა. მილიონ 180 ათასი დოლარის 215 000 სწრაფი ტესტი ჯანდაცვის სამინისტრომ ჩინურ კომპანიას შეუკვეთა, რომლის პროდუქციის ხარისხი ესპანეთმა დაიწუნა და უკან დააბრუნა. ესპანეთში, რომელიც ახლა კოვიდ-19-ით გარდაცვალებით მეორე ადგილზეა, დაადგინეს, რომ ტესტის შედეგებში მნიშვნელოვანი უზუსტობა იყო. 

მცდარი დიაგნოსტიკა კი კორონავირუსთან ბრძოლაში კრიტიკულად საშიშია. საქართველოს მთავრობის მიერ შეკვეთილი ჩინური წარმოების სწრაფი ტესტების სიზუსტე დაპირებული 80%-ის ნაცვლად მხოლოდ 30%-ია. ჯანდაცვის უწყებაში ამტკიცებენ, რომ უხარისხო ტესტებში სახელმწიფოს თანხა არ გადაუხდია. ტესტების პირველი ნაკადი ქვეყნაში ორი დღის წინ ჩამოვიდა და მისი გამოყენება საკარანტინო ზონაშია დაწყებული, მინისტრი მწარმოებელ კომპანიას არ აკონკრეტებს, თუმცა ამტკიცებს, რომ უვარგისად აღიარებული ტესტები ქვეყანაში საერთოდ არ შემოსულა. ოპოზიცია კი ქართული ოცნების გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე და ტესტების შემოტანის საქმეში არსებულ შესაძლო კორუფციაზე საუბრობს. 

215 ათასი სწრაფი ტესტი, რომელიც კორონავირუსის დასადგენად უნდა გამოეყენებინათ, საქართველოში აღარ შემოვა. ხელშეკრულება მას შემდეგ გაუქმდა, რაც კომპანია „შენჟენ ბიოიზი ტექნოლოჯიმ“ საკუთარი პროდუქცია უხარისხობის გამო ბაზრიდან გაიტანა. სწორედ ჩინეთში წარმოებული ამ ტესტების შეძენა საქართველოს მთავრობას მილიონ 200 ათას დოლარამდე უჯდებოდა. თითო ტესტი კი 5 ნახევარ დოლარად უნდა ეყიდა. დამადასტურებელი დოკუმენტი რადიო თავისუფლებამ მოიპოვა. 

სამინისტროში განმარტეს, რომ მწარმოებელმა პროდუქცია თვითონ გაიწვია და მთავრობას თანხა გადახდილი არ ჰქონდა. მინისტრი ამტკიცებს, რომ შემოტანილ სწრაფ ტესტებს მუდმივად აკვირდებიან და ხელშეკრულებას სხვა კომპანიასთან აფორმებენ. 

რომელ კომპანიასთან გაფორმდება ახალი ხელშეკრულება, სამინისტროში არ აკონკრეტებენ. თუმცა ამტკიცებენ, რომ მარნეულში გამოყენებული ტესტები სხვა კომპანიას ეკუთვნის და ის ხარისხიანი და უსაფრთხოა. 

ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები სამინისტროს მოუწოდებენ, ტესტების სანდოობა ზედმიწევნით სწორად შეამოწმოს. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მთავრობას ტესტების შერჩევისას წარმატებული ქვეყნების გამოცდილება უნდა გამოეყენებინა. 

დღეს ჯანდაცვის სამინისტროში სხვა განმარტების გაკეთებაც მოუხდათ. უკვე გამოჩდნენ კერძო კომპანიები, რომლებიც მოსახლეობას კორონავირუსის სწრაფი ტესტით ფასიან მომსახურებას სთავაზობენ. ერთ-ერთი ასეთი კატასტროფის ცენტრია, რომელმაც სწრაფი ტესტირების ჩატარება ადგილზე მისვლით მომხმარებელს 150 ლარად სთავაზობს. კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ტესტების ხარისხმა ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა.

მსგავსი ნებართვა ჯერჯერობით მხოლოდ 4 კომპანიას აქვს. სწრაფი ტესტები ამ დრომდე არ აქვთ კლინიკებს, რომლებიც ვირუსის სიმპტომებიანი პაციენტებს პირველი იღებენ. ტესტირება არც სამედიცინო პერსონალს უტარდება. 

რომელი კომპანიის ტესტების შემოტანას გეგმავს ხელისუფლება - და როდის, ამ დრომდე უცნობია. დეტალების გამჟღავნებისგან ჯანდაცვის სამინისტროში ამ დრომდე თავს იკავებენ.


close დახურვა