logo
ENG



სამთვიანი უწყვეტი აქცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წლიურ ანგარიშში ვერ მოხვდა

04 მარ 202020:18
3 წუთის საკითხავი
 

20 ივნისის ღამის სისხლიანი დარბევა და მთავარი პოლიტიკური მოვლენა - 3 თვიანი უწყვეტი აქცია ქვეყნის პირველი პირის წლიურ ანგარიშში ვერ მოხვდა. პრეზიდენტმა ფაქტობრივად ცარიელ დარბაზში წარადგინა ანგარიში, რომელსაც მხოლოდ უმრავლესობის დეპუტატები, მთავრობის წევრები და დიპკორპუსის წარმომადგენლები უსმენდნენ. 

ხედვის, სტრატეგიისა და ქვეყნის ინტერესების დაცვისგან დაცლილი გამოსვლა უწოდა ოპოზიციამ სალომე ზურაბიშვილის მიმართვას, რომელიც პარლამენტის შენობის შესასვლელთან გამართული აქციის ფონზე მიმდინარეობდა. უმადური, დეპრესიაში და თვითგვემაში მყოფი საზოგადოება, რომელიც საკუთარ თავს ვერ ცნობს, ასე აფასებს ქვეყნის პირველი პირი საკუთარ თანამოქალაქეებს. 

საზოგადოების კრიტიკის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტი ოპოზიციის კრიტიკაზე გადავიდა და პრაქტიკულად ცარიელ დარბაზში ოპოზიციას უსაყვედურა. ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი უნდა გაგრძელდეს და თუ შეთანხმება ვერ შედგება, მაშინ ევროპულ ინტეგრაციას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.

ქვეყნის პრეზიდენტმა რუსეთი დღეს მის სიტყვაში მხოლოდ 3 ჯერ ახსენა. თქვა რომ ქვეყნის სუვერენიტეტი და დეოკუპაცია ყველაზე მნიშვნელოვანია, თუმცა აქვე რუსეთთან დიალოგის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.  

ცარიელი, უინტერესო და უშინაარსო - ასე აფასებს ოპოზიცია პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას. პრეზიდენტის გამოსვლით იმედგაცრუებულები არიან „ქართული ოცნებიდან“ წასულებიც. დეპუტატები ამბობენ, რომ ზურაბიშვილის გამოსვლა მმართველის პარტიის მხარდამჭერი იყო. ოპოზიციისგან განსხვავებით სალომე ზურაბიშვილის გამოსვლით კმაყოფილია „ქართული ოცნება“.  

პრეზიდენტს საკუთარ გამოსვლაში არ უსაუბრია 20 ივნისის მოვლენებზე, პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებაზე, რომლის დაპირება მან გაეროს ტრიბუნიდან გასცა, ასევე სასამართლოს რეფორმაზე, რომლის გამოც „ქართული ოცნება“ ბევრმა დეპუტატმა დატოვა.

პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშს სხდომათა დარბაზში მხოლოდ უმრავლესობის დეპუტატები, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები უსმენდნენ.


close დახურვა