დროა, გირჩი - მეტი თავისუფლება, სტრატეგია აღმაშენებელი სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს გამართავენ. ოპოზიციური პარტიების ლიდერების განცხადებით, შეხვედრა გაიმართება ევროკომისიაშიც.
"დიდი ნაწილი შეხვედრების არის სტრასბურგში, სადაც არის სესია ევროპარლამენტის, შეხვედრა გვექნება ევროპარლამენტარებთან, მათ შორის კუბილიუსთან. მეორე ნაწილის შეხვედრა იქნება ბრიუსელში, სადაც შეხვედრა გვექნება ევროკომისიაში, უშუალოდ იმ ხალხთან, რომლებიც მუშაობენ საქართველოს საკითხებზე. ძირითადი განხილვის საკითხი იქნება სტატუსი, რომელიც უნდა გადაწყდეს წლის ბოლოს", - განაცხადა გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ.
გუშინ სამი პარტიის ბრიფინგზე ზურაბ ჯაფარიძემ ისაუბრა, რომ სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ. მისი თქმით, გასულმა დღეებმა აჩვენა, რომ ქართული ოცნების სისტემა "არც ისე ძლიერია და არსებობს გზა, როგორ შეიძლება მისი უკან დახევა".
12 მარტს "იმედის" ეთერში საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბოლო დრო განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა, გააკრიტიკა ევროპარლამენტარები და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები. ამასთან, აქციის მონაწილეებზე საუბრის დროს თქვა, რომ აქციებზე რამდენიმეს "სატანისტების ფორმები ეცვათ".
მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა, 10 მარტს კი პლენარულ სხდომაზე ჩააგდო. თავდაპირველად, ოცნება ამ კანონპროექტს მხარს უჭერდა და პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.
კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც.
თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს.
რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო. პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა