logo
ENG



სამინისტრო: გამყოფ ზოლთან სოფლებში გაზის ვაუჩერების დარიგება შემდეგ კვირაში იყო დაგეგმილი

23 იან 202214:41
3 წუთის საკითხავი
 

შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროს განცხადებით, საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებისთვის ბუნებრივი აირის ვაუჩერების გადაცემა მომდევნო კვირაშია დაგეგმილი. სამინისტროს განცხადებამდე, ერგნეთში მოსახლეობამ გასათბობად ვაშლის ხეები გაჩეხა, რადგან ბუნებრივი აირის ვაუჩერი არ ჰქონდათ.

სამინისტროს თქმით, უსაფუძვლოა ინფორმაცია, ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისთვის სახელმწიფო პროგრამების შეჩერებაზე.

„უსაფუძვლოა ბოლო დროს არაერთხელ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შეჩერდა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები. 2013 წლიდან დღემდე, უწყებათაშორისი სამთავრობო კომისიის არც ერთ სხდომას არასდროს უმსჯელია, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების შეჩერებაზე და არსებული პროგრამები ხორციელდება უწყვეტად.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის 2021 წლის 22 დეკემბერის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გაგრძელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახებისათვის ზამთრის პერიოდში გათბობით უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელდება.

კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმართველობების ინტენსიური სამუშაო პროცესის ფარგლებში მიმდინარეობდა სტანდარტული პროცედურული ნაწილი მუნიციპალიტეტების მიერ პროგრამის ბენეფიციართა სიების დაზუსტებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის მდგომარეობით. სამუშაო პროცესი დასრულდა და კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის განკარგულებით შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დაევალათ გადაწყვეტილების აღსრულება.

მომდევნო კვირაში უკვე დაიწყება გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ვაუჩერების გაცემის პროცესი. კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, იმ სოფლებში, სადაც ოჯახები დარეგისტრირებულები არიან ბუნებრივი აირის აბონენტებად, თანხა გამოიყო რეგისტრირებულ აბონენტებზე, ხოლო იმ სოფლებში, სადაც გაზიფიცირება ჯერ არ დასრულებულა - გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში მცხოვრები ოჯახის ერთ-ერთ წევრზე.“ – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ერგნეთში მოსახლეობამ ვაშლის ხეები აჩეხა, მათი თქმით ამის მიზეზი გახდა ის, რომ მთავრობამ საოკუპაციო ხაზთან მიმდებარე სოფლებში გათბობის ბუნებრივი აირის ვაუჩერები არ დაარიგა. ასევე, მოსახლეობა ვაშლის მოსავლის რეალიზაციას ვერ ახდენს და მათ გადაწყვიტეს ხეები გასათბობად მაინც გამოიყენონ. სიმბოლურად, ერგნეთის მოსახლეობა აპირებს, ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს დამპალი ვაშლები გაუგზავნოს.


close დახურვა