ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, რიკოთის ისტორიული გვირაბის პარალელურად, ახალი 1800 მ-იანი გვირაბის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან გაიხსნა.
მათი ინფორმაციით, ახალი 1800 მ-იანი გვირაბი რიკოთის საუღელტეხილო გზაზე არსებულ და მშენებარე გვირაბებს შორის ყველაზე გრძელია.
"დღეიდან ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ახალი გვირაბით, ძველ გვირაბში კი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. ძველ გვირაბში განახლდება გზის საფარი, გამოიცვლება სანათები, დამონტაჟდება საგზაო უსაფრთხოების აუცილებელი სისტემები.
ამ დროისათვის, ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს რიკოთის ახალი ჩქაროსნული გზის 36 კმ-ით, რომელიც მოიცავს 77 ხიდსა და 43 გვირაბს. რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში 52 კმ სიგრძის 4 ზოლიანი, ჩქაროსნული გზა 51 გვირაბი და 97 ხიდი შენდება. რიკოთის 51 გვირაბიდან 50 გვირაბი და 97 ხიდიდან 89 ხიდი უკვე აშენებულია. ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, მათ შორის, განათების სისტემას", - აცხადებენ სამინისტროში.