logo
ENG



სამინისტრო სუ25-ის ჩამოვარდნაზე: გაფრენამდე სრულად იყო შემოწმებული, ნაპოვნია შავი ყუთი

03 ივლ 202411:12
3 წუთის საკითხავი
 

თავდაცვის სამინისტრო 2 ივლისს ბოლნისის მუნიციპალიტეტში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის ადგილზე, მთელი ღამის განმავლობაში შესაბამისი სამსახურების მიერ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა - ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია საფრენი აპარატის ნაწილები და ნაპოვნია შავი ყუთი.

თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ წინასწარი მოკვლევით, საფრენი აპარატი გაფრენამდე სრულად იყო შემოწმებული ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა შესაბამისად. ასევე ჩატარებული იყო წინასაფრენოსნო მომზადება და დაცული იყო რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა პროცედურა.

მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 401-ე მუხლით, სამხედრო-საჰაერო ხომალდის ფრენისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე. გენერალური პროკურატურის საპროცესო ზედამხედველობით, გამოძიებას აწარმოებს სამხედრო პოლიცია.

დაღუპული მფრინავის ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში.

"თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა მწუხარებას თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტის, ვიცე-პოლკოვნიკ კახაბერ ზურაბაშვილის დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და ახლობლებს"- ნათქვამია განცხადებაში.

2 ივლისს ბოლნისის მუნიციპალიტეტში სუ-25-ის ტიპის საფრენმა აპარატი კატასტროფა განიცადა.

დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი.


close დახურვა