მარნეულელი აქტივისტი, სამირა ბაირამოვა ამბობს, რომ ძალადობრივმა, პრორუსულმა ჯგუფმა, ალტ-ინფომ მის მიმართ პირველი მუქარა შეასრულა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისს წითელი საღებავები შეასხა. პარტიის კედლებზე ასევე არის ბაირამოვას შეურაცხმყოფელი წარწერები.
14 მარტს აქტივისტმა ქალაქში ძალადობრივი ჯგუფის პარტიული ოფისის გახსნა გააპროტესტა და გარე ფასადზე უკრაინისა და ევროკავშირის დროშები დახატა.
"ალტ-ინფომ თავისი პირველი მუქარა შეასრულა, მივიდნენ ენმ-ის ოფისში და ასე დამახანჯეს!
კარგად იციან, რომ მე არ ვარ ენმ-ის წევრი, ეს მათი პროვაკაციაა!
იმედი მაქვს, შსს-ს ესმის, რამდენად საშიში არიან ისინი". - წერს სამირა ბაირამოვა ფეისბუქზე.
მას შემდეგ, რაც ბაირამოვამ ალტ-ინფოს ოფისის გახსნა გააპროტესტა, ძალადობრივმა ჯგუფებმა მის მიმართ მუქარები წამოიწყეს. მათი განცხადებით, ბაირამოვამ შეურაცხყო ჯვარი, რომელიც კონსერვატიული მოძრაობის პარტიული სიმბოლოდ არის გამოყენებული.
ფეისბუქზე სამირა ბაირამოვას ალტ-ინფოს წევრები წერენ, რომ ამის გამო "თავს მოაჭრიან".
ენმ-ის ოფისის მიმართ დღევანდელი ვანდალიზმის შემდეგ სამირა ბაირამოვას მშობლებმა ხელისუფლებას მიმართეს და შვილის უსაფრთხოების დაცვა სთხოვეს.
ღია წერილში მათ ხაზი გაუსვეს, რომ ისინი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები არიან, ამასთან, იციან არაერთი შემთხვევა, როცა ადამიანები დახოცეს მათი ეთნიკური, სქესობრივი, რასობრივი და პოლიტიკური შეხედულების გამო.
"ჩვენ ვიზიარებთ იმ ადამიანებს ტკივილს, მაგრამ იმავეს განმეორება არ გვსურს, რადგან ეს არა მარტო ჩვენთვის, არამედ მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის დიდი დანაკარგი იქნება". - აცხადებენ თეიმურხან ბაირამოვი და ხანაპირი ბაირამოვა.
მათ ასევე აღნიშნეს, რომ ალტ-ინფოს და მსგავსი ჯგუფების გამო უკვე 3 წელია, მარნეულში ნოვრუზ ბაირამის აღნიშვნა სირთულეებს უკავშირდება.
"ზედიზედ სამი წელია, ჩვენს შვილი უწევს დიდი ბრძოლა უსამართლიანობასთან და დესტრუქციულ ძალებთან. გთხოვთ, მიიღოთ ყველა საჭირო ზომები ჩვენი შვილის უსაფრთხოებისთვის. დღეს ის არაა დაცული დესტრუქციული ძალების მუქარისგან და შესაძლო ძალადობისგან. ჩვენი გოგო ძლიერია, მაგრამ მისი სიძლიერე საკმარისი არაა ამ ადამიანებისგან მომდინარე ძალადობის რისკების წინაშე. სახელმწიფოს მხარდაჭერა და მეტი დაცვა აუცილებელია არა მარტო სამირასთვის, არამედ ყველა ახალგაზრდა აქტივისტისთვის. სახელმწიფოს დუმილი და უმოქმედობა გვაშინებს. გთხოვთ იმოქმედოთ!" - აცხადებენ აქტივისტის მშობლები.
შსს-მ ბაირამოვას მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც ნიშნავს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას.
ძალადობრივი, პრორუსული ალტ ინფო 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის შემოქმედია - ამ დღეს ჩააშალეს ლგბტქ პრაიდი და სცემეს 53 ჟურნალისტს. მათგან ერთ-ერთი, სასტიკად ნაცემი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. ძალადობის ინიციატორები ამ დრომდე არ დასჯილან.