რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე მოუწოდებს ოპოზიციონერები, რომლებმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის კენჭისყრაზე მხარი დაუჭირეს ოცნების კანდიდატებს, "გამოვიდნენ და ისაუბრონ."
"ქართულ ოცნებას კონსენსუსი არ უნდოდა, რადგან მათ აირჩიეს ფარული გზა და შეთანხმება რამდენიმე ოპოზიციონერთან. ძალიან ვწუხვარ და მე მოვუწოდებ იმ ოპოზიციონერებს ვინც მხარი დაუჭირა ამ კანდიდატებს, გამოვიდნენ და ღიად ისაუბრონ ამაზე. არა მგონია, რომ უნდა შვენოდნენ, თუ ეშინიათ ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან კარგად იციან, რომ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წავიდნენ."- განაცხადა ხათუნა სამნიძემ ფორმულასთან.
პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის კენჭისყრის დროს ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა, რის შემდეგაც ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. მანამდე მმართველმა გუნდმა 5 ვაკანტურ პოზიციაზე სამი ახალი წევრის არჩევა მოახერხა: ტრისტან ბენაშვილი (93 ხმა), გიორგი გზობავა (91 ხმა), ზურაბ გურასპაშვილი (93 ხმა).
სწორედ მხარდაჭერილი ხმების რაოდენობა გახდა რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის უკმაყოფილების მიზეზი. დეპუტატი რომან გოცირიძე განმარტავს, რომ ოპოზიცია შეთანხმებული იყო იმაზე, რომ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერდნენ, თუმცა ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატი "გაიყიდა" და ქართულ ოცნებას დაეხმარა სასურველი კანდიდატის არჩევაში.
კენჭისყრა ფარული იყო და ამის გამო ვინაობა ცნობილი ვერ გახდება.