ხათუნა სამნიძის განცხადებით, საპარლამენტო ფრაქცია შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი საგამოძიებო კომისიის შექმნას აინიცირებს.
კომისია შეისწავლის იმას, თუ როგორი მდგომარეობა იყო 5 ივლისამდე და გამოიძიებს 5-6 ივლისს მომხდარ ძალადობის ფაქტებს.
ხათუნა სამნიძის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრი არ მივიდა პარლამენტში 5 ივლისამდე, როცა ის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაიბარეს და არ გასცა კითხვებს პასუხი - რა პრევენციულ ზომებს მიიღებდა მისი უწყება.
„ორჯერ მოვიწვიეთ [ვახტანგ გომელაური] პარლამენტში. ქართულმა ოცნებამ მინისტრთან ერთად გადაწყვიტა, რომ ის არ მოსულიყო პარლამენტში კომიტეტზე და არ გაეცა შეკითხვებზე პასუხი. მთავარი შეკითხვა იყო, რა პრევენციულ ზომებს ატარებდა შსს.
ჩვენ ვაინიცირებთ საგამოძიებო კომისიას, რომელიც გამოიძიებს, როგორც 5 ივლისამდე არსებულ მდგომარეობას, თუ როგორ ორგანიზდებოდა ძალადობა, ასევე, 5-6 ივლისს მომხდარ თითოეულ ფაქტზე იქნება გამოძიება, სად არის ორგანიზებული ძალა, სად არის რუსული ხელი და ფინანსები, ყველა ამ საკითხზე ვაპირებთ, ვაწარმოოთ გამოძიება და გვჭირდება ოპოზიციონერი კოლეგების მხარდაჭერა, ეს იქნება შესაძლებლობა, რომ ასე ვერ გაიქცეს და ვერ გაიპაროს შს მინისტრი", - განაცხადა სამნიძემ.
ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს. ისინი ტრიბუნასთან დადგნენ და ბანერები გაშალეს, რომელზეც გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები იყო გამოსახული.
წარწერით - "დაისაჯონ მოძალადეები!", "აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა" პლენარულ სხდომათა დარბაზში ბანერები გადმოფინეს მედიის წარმომადგენლებმაც.
ოპოზიციის პერფორმანსმა ქართული ოცნების დეპუტატები გააღიზიანა. უმრავლესობის წევრმა ლევან მგალობლიშვილმა ნაციონალური მოძრაობის წევრ თინა ბოკუჩავას პლაკატი წაართვა, სადაც ეწერა, რომ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს.
ამის შემდეგ ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარესთან მისვლას ცდილობდა, თუმცა უმრავლესობის კიდევ ერთმა დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ის ტრიბუნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.
საბოლოოდ, ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, შს მინისტრის მოსმენა პარლამენტში აღარ გაგრძელდა.