logo
ENG



სამნიძე მდინარაძეს: გაბედეთ კანონპროექტის დარეგისტრირება! სულ შანტაჟი არ გაგივათ

11 თებ 202100:37
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/11/88of7297isols21.jpg

რესპუბლიკელების ერთ-ერთი ლიდერი, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივანს მამუკა მდინარაძეს "პასუხიც არ აქვს" მის ინიციატივაზე, უბარიერო პროპორციულის კენჭისყრაში მოანწილეობაზე. სამნიძე მდინარაძის განცხადებას, რომ მისი ინიციატივა "ძალიან ბავშვურია", ფეისბუქგვერდზე გამოეხმაურა: 

"რისი დამტკიცებაც გვინდოდა - პასუხიც არ აქვს მდინარაძეს! ჯერ შემოდითო გვაშანტაჟებს, კანონპროექტი დადეთ ჯერ და ხმა გექნებათქო და პასუხად მივიღეთ, რა დროს ეგაა პრობლემებია ქვეყანაშიო. გაბედეთ კანონპროექტის დარეგისტრირება! სულ შანტაჟი არ გაგივათ!", - წერს ხათუნა სამნიძე. 

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ხათუნა სამნიძის განცხადებას უბარიერო პროპორციული საარჩევნო სისტემის კენჭისყრაში ერთჯერადად მონაწილეობის შესახებ, "ბავშვურ თამაშს" უწოდებს. 

"მგონია, რომ ძალიან ბავშვურია და თამაშია", - განაცხადა მდინარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში და დასძინა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სხვა მწვავე გამოწვევები უფრო მნიშვნელოვანია. 

2019 წელს მიღებული საარჩევნო ცვლილებების მიხედვით, ყველა შემდეგი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით და 5%-იანი ბარიერით ჩატარდება. იმისათვის, რომ საარჩევნო ბარიერი 3%-მდე დაიწიოს ან სრულად მოიხსნას, საკონსტიტუციო უმრავლესობის მხარდაჭერაა საჭირო. ამ დროისთვის, საქართველოს პარლამენტში 96 დეპუტატია, მოქალაქეებისა და პატრიოტთა ალიანსის სიით შესული ევროპელი სოციალისტების ჩათვლით. საკონსტიტუციო კვორუმის შეკრებას 17 დეპუტატის პარლამენტში შესვლა დასჭირდება.

გირჩის ლიდერები საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტას სწორედ 0%-იანი ბარიერის სანაცვლოდ განიხილავენ, თუმცა დანარჩენი ოპოზიცია საარჩევნო ბარიერის ნაცვლად, მოლაპარაკებების მთავარ საკითხად კვლავ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ვადამდელი არჩევნების დანიშვნას და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებას განიხილავს. 

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პოლიტიკური ჯგუფებიდან, რესპუბლიკულმა პარტიამ მზაობა განაცხადა, ინიცირების შემთხვევაში, ერთჯერადად გამოიყენონ საპარლამენტო მანდატები და მხარი დაუჭირონ ბარიერის განულების ინიციატივას. იმავე პოზიციას იზიარებს ევროპული საქართველოს წევრი არმაზ ახვლედიანი. 

იმ შემთხვევაში, თუ სამივე დეპუტატი კენჭისყრაში მონაწილეობის გადაწყვეტილებას მიიღებს, ინიციატივის არსებობის პირობებში, საარჩევნო ბარიერის განულებას კიდევ 14 ოპოზიციონერი დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება. 


close დახურვა