პარლამენტის დეპუტატი, ხათუნა სამნიძე, რომელმაც ლევან იოსელიანის სახალხო დამცველად დანიშნავს მხარი დაუჭირა, ომბუდსმენის მოადგილედ ალეკო ელისაშვილის დისშვილის დანიშვნას არასწორს უწოდებს.
"ძალიან სამწუხაროა, მაგრამ არასწორი გადაწყვეტილებაა", - წერს სამნიძე Facebook-ზე.
სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა თავის მოადგილედ ნათია ჯულაყიძე, ალეკო ელისაშვილის დისშვილი დანიშნა. ფორმულას ეს ინფორმაცია ომბუდსმენის აპარატში დაუდასტურეს. თავად ჯულაყიძე ამაში პრობლემას ვერ ხედავს და ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ომბუდსმენის კრიტიკას არ მოერიდება.
ომბუდსმენის მოადგილე, ასევე, იქნება ელენე ღუდუშაური, ხოლო სახალხო დამცველის პირველი მოადგილის და აპარატის უფროსის პოზიციაზე კვლავ თამარ გვარამაძე რჩება.
ელენე ღუდუშაური კოორდინაციას და ზედამხედველობას გაუწევს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის, პრევენციის ეროვნული მექანიზმის, სტრატეგიული სამართალწარმოების სამმართველოს, ანალიტიკური დეპარტამენტის და ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის საქმიანობას.
ნათია ჯულაყიძე სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის, გენდერის დეპარტამენტის, თანასწორობის დეპარტამენტის, აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს, დასავლეთ საქართველოს სამმართველოს საქმიანობას გაუწევს კოორდინაციასა და ზედამხედველობას.