logo
ENG



სამოქალაქო აქტივისტი: უფროსმა ლეიტენანტმა ხელბორკილი თვალსა და შუბლის არეში ჩამარტყა

15 აპრ 202114:24
3 წუთის საკითხავი
 

სამოქალაქო აქტივისტი, დავით კაპანაძე აცხადებს, რომ მოძრაობა საქართველოსთვის ლიდერის, გიორგი მუმლაძის მხარდამჭერ აქციაზე, პოლიციელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

კაპანაძე ამბობს, რომ როდესაც ის დააკავეს და პოლიციის მანქანაში ჩასვეს, უფროსმა ლეიტენანტმა სახის არეში ხელბორკილი ჩაარტყა.

აქტივისტის თქმით, მან სამართალდამცავის ვინაობა არ იცის, თუმცა მისი ამოცნობა შეუძლია.

"მივედით გიორგი მუმლაძის მხარდამჭერ აქციაზე, რის შემდეგადაც დამაკავეს და პოლიციის მანქანაში ჩამაგდეს ძალის გამოყენებით, შემდეგ პოლიციის თანამშრომელმა, უფროსმა ლეიტენანტმა ხელბორკილი ჩამარტყა თვალში და შუბლის არეში. სახეზე მახსოვს, არის უფროსი ლეიტენანტი, კამერებშიც იქნება დაფიქსირებული. სახელი და გვარი არ ვიცი", - აცხადებს დავით კაპანაძე.

გუშინ გიორგი მუმლაძის მხარდამჭერ აქციაზე 10 პირი დააკავეს. 

აქციის მონაწილეები გიორგი მუმლაძის სისხლის სამართლის წესით დაკავებას აპროტესტებდნენ და მის გათავისუფლებას ითხოვდნენ. აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.

გიორგი მუმლაძე ქართული ოცნების ოფისთან გამართულ აქციაზე 14 აპრილს დააკავეს. შსს-ს მტკიცებით, მუმლაძემ პოლიციის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 


close დახურვა