სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი ფავლენიშვილი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში დღეს იმსჯელებენ.
საქმე ეხება 20 ივნისის დარბევას, რა დროსაც ფავლენიშვილს სპეცდანიშნულების რაზმმა 9 ტყვია მოახვედრა.
იგი ითხოვს რომ დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს და ფულადი კომპენსაცია გადაეცეს. სამოქალაქო აქტივისტის თქმით, მას აქვს ვიდეო, ფოტო და სამედიცინო მტკიცებულებები.
"ეს სარჩელი ემსახურება იმ მიზანს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პასუხი აგოს იმ უკანონო ბრძანებაზე. ეს ბრუტალური დასჯის ბრძანება ჩანს იმაშიც, რომ 9 თყვია მომხვდა მაშინ, როდესაც არაფერს ვაშავებდი და გამოვხატავდი პროტესტს“, - აღნიშნა აქტივისტმა.
ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, ეს საქმე უნდა გახდეს პრეცედენტი, რომ მომავალში ხელისუფლებამ ძალას არ გადააჭარბოს. იმ შემთხვევაში თუ ფავლენიშვილს დაზარალებულის სტატუსს არ მიანიჭებენ, ის ბრძოლის გაგრძელებას საერთაშორისო სასამართლოში აპირებს.
"სამწუხაროდ პროკურატურა სირაქლემას პოზაშია და არ ჩქარობს რომ ფავლენისვილს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს, თუმცა ეს არის დროებითი", - აცხადებს ბასილაია.