სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დასახული 12 პუნქტის მოთხოვნების შესასრულებელი გეგმა წარადგინეს.
ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების (ISFED) დირექტორის, ნინო დოლიძის თქმით, ეს არის ის მინიმალური გეგმა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ამასთანავე, ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ სამუშაოების შესრულება დადგენილ ვადებში შესაძლებელია.
მათი თქმით, ის გეგმა რომელიც ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ წარადგინა არ იყო შინაარსობრივი, მოიცავდა პროცედურულ საკითხებს და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ვერ დაინახეს კონკრეტული ნაბიჯები, რასაც ხელისუფლება თითოეული პუნქტის შესასრულებლად გეგმავს.
ორგანიზაციები შიშობენ, რომ ხელისუფლების წარმოდგენილი გეგმა მორიგი ფორმალური პროცესი იქნება, რომელიც დროში გაიწელება და შედეგს არ მოიტანს.
ისინი აცხადებენ, რომ გაწერილი პუნქტების შესაბამის სფეროებში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად სამოქალაქო ორგანიზაციების თანხმობით შედგენილი კანონპროექტები უკვე არსებობს, ინიცირებულია და მათი მიღება პარლამენტს რამდენიმე კვირაში შეუძლია. შესაბამისად, მათი თქმით დამატებითი სამუშაო ჯგუფების შექმნა კანონპროექტებზე სამუშაოდ არასაჭიროა და ხელისუფლების წარდგენილი გეგმის განხორციელების შემთხვევაში პუნქტების შესასრულებლად დადგენილი ძვირფასი დრო ფუჭად გაიფლანგება.
ორგანიზაციების წარმომადგენლების კონსენსუსით შედგენილი გეგმა, მათ შორის, შემდეგ საკითხებს ჭრის:
პოლიტიკური პოლარიზაცია - ამ საკითხის აღმოფხვრისთვის, ორგანიზაციების აზრით, ხელისუფლება და ოპოზიცია უნდა დაუბრუნდეს შარლ მიშელის დოკუმენტს, რომელიც საქართველოს პარლამენტში ძალთა გადანაწილება და დაბალანსებას მოიცავდა - 5 საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა იყოს, მაშ შორის საბიუჯეტო კომიტეტის.
ორგანიზაციების აზრით, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ეს მარტივადაა შესაძლებელი.
საარჩევნო კანონმდებლობა - ორგანიზაციების აზრით, არჩევნებისადმი საზოგადოების ნდობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილებები. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ცესკოს დამოუკიდებლობა. ორგანიზაციების აზრით, ცესკოს თავმჯდომარე და პროფესიული წევრების კონსენსუსის საფუძველზე უნდა დაინიშნონ. საარჩევნო კანონმდებლობაში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტიც ასევე ინიცირებულია და 1 მოსმენით მიღებულია, დანარჩენი მოსმენაა საჭირო რაც რამდენიმე კვირაში შესაძლოა მოხერხდეს.
მართლმსაჯულების რეფორმა - ორგანიზაციებმა შეიმუშავეს რეფორმის განხორციელების გეგმა, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას და/ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილი არამოსამართლე წევრების არჩევას მოიცავს. მათი თქმით, შესაბამისი კანონპროექტი ასევე ინიცირებულია პარლამენტში.
კორუფციასთან ბრძოლა - ორგანიზაციების აზრით, უნდა შეიქმნას ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა უწყებებში კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმებს და ეფექტურად იმუშავებს. მათი თქმით, ამგვარი სააგენტოს შექმნის კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და საჭიროა მხოლოდ შემდეგი მოსმენების.
მედიის თავისუფლება - სამოქალაქო ორგანიზაციები უპირველეს ყოვლისა მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ ასევე უნდა შეწყდეს ის საქმეები რომლებიც სხვადასხვა მედიების მფლობელთა წინააღმდეგ მიმდინარეობს.
დეოლიგარქიზაცია - მათი თქმით, ამ 12-პუნქტიანი ჩამონათვალის ყველა სხვა პირობის შესრულებამ ავტომატურად უნდა გამოიწვიოს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ოლიგარქიული გავლენის შემცირება. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოპოზიციის ჩართულობით მთავარი პროკურორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების და ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნის ახალი წესის მიღება, ასევე ანტიკორუფციული სააგენტოს გამოყოფა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან და მისი დამოუკიდებელ ინსტიტუტად ჩამოყალიბება.
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა - ორგანიზაციების განცხადებით, სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ შესაბამისი შესაძლებლობები და რესურსები, ასევე საკანონმდებლო ბაზა, რათა ეფექტურად დაძლიონ ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებული პრობლემები. ეს პირობა მოითხოვს პრაქტიკის გაუმჯობესებას.
მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა - მათი თქმით, სრულყოფილად უნდა იქნას გამოძიებული 2021 წლის 5 ივლისს დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულები და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ორგანიზატორები პასუხისგებაში იქნან მიცემულნი.
ასევე, საჭიროა ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის მიღება, რომელიც მოიცავს ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური პოლიტიკის შემუშავებას და მათ შორის საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიის ჩატარებას, რომელიც მიმართულია საზოგადოებაში ჰომოფობიისა და ქსენოფობიის შემცირებაზე. ასევე, სპეციალური მექანიზმების ჩამოყალიბება, რომელიც გაზრდის ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ წარმომადგენლობას და მონაწილეობას, მათ შორის, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე დემოკრატიული, ინკლუზიური და რეგულარული.
გენდერული თანასწორობა - მათი თქმით, სქესობრივი დანაშაულები, მათ შორის გაუპატიურების მუხლი, უნდა მოვიდეს შესაბამისობაში სტამბულის კონვენციასთან. ასევე, დამტკიცდეს გენდერული ძალადობის და ოჯახში ძალადობის ახალი სამოქმედო გეგმა და სერვისებზე ხელმისაწვდომობისათვის გაუქმდეს "მსხვერპლის სტატუსის" მოთხოვნა.
სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე - NGO-ები მიიჩნევენ, რომ ღია მმართველობის პარტნიორობის ფორმატი უფრო ეფექტური უნდა გახდეს. უფრო კონკრეტულად, მთავრობის ადმინისტრაციამ ღია მმართველობის საბჭოს კენჭისყრის დროს სამოქალაქო საზოგადოების წევრების მიერ შემოთავაზებული მინიმუმ 2 მთავარი (ე.წ. ვარსკვლავური) ვალდებულება უნდა აიღოს.
ასევე, თავრობის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობა ეროვნული დონის პოლიტიკის/სტრატეგიის დოკუმენტების და მათი სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესში.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიული გათვალისწინება ქართული სასამართლოს მიერ - მათი თქმით, საჭიროა საქართველოს საერთო სასამართლოებისთვის გაიდლაინების მიღება, რომელიც მოითხოვს ECHR პრაქტიკის პროაქტიულ გამოყენებას. ეს უნდა გაკეთდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.
სახალხო დამცველის არჩევა - ორგანიზაციების განცხადებით, კანდიდატის შეთანხმება უნდა მოხდეს მრავალპარტიული კონსულტაციების გზით. დანიშვნა პარლამენტში ორმხრივი (ოპოზიციის უმრავლესობამ ასევე უნდა დაუჭიროს მხარი დანიშვნას) მხარდაჭერით უნდა განხორციელდეს.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, თითოეული პუნქტის შესრულება საბოლოო ჯამში, ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნაზე, დეოლიგარქიზაციაზეც აისახება. ნინო დოლიძე აცხადებს, რომ ამ გეგმამ შესაძლოა, სრულად არ დაასრულოს ოლიგარქიული მმართველობა, თუმცა შეასუსტებს მას.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს გეგმა კანდიდატის სტატუსის მიღებას უკავშირდება და ხელისუფლებისადმი გადადგომის მოთხოვნას არ ცვლის. მათი თქმით, ამ გეგმაზე ეროვნული თანხმობის მთავრობამ პარლამენტთან ერთად უნდა იმუშაოს და რეფორმები ამ ფორმითა და შინაარსით უნდა განხორციელდეს.