logo
ENG



სამოქალაქო საზოგადოება: არჩევნების გაყალბების გამოსააშკარავებლად ღია პლატფორმას ვქმნით

29 ოქტ 202415:52
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/29/septdi7811qxt4k.png

სამოქალაქო საზოგადოება და ექსპეერტები გამოდის ინიციატივით, შეიქმნას ღია პლატფორმა, რომელიც არჩევნების შედეგების გაყალბებასთან დაკავშირებით  მტკიცებულებების გამოააშკარავებს.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ხათუნა ლაგაზიძემ აღნიშნა, რომ პლატფორმის მიზანია, ხელი შეუწყოს პოლიტიკურ აქტორებსა და პარტიებს შორის ძალისხმევის და რესურსების მობილიზაციას.

სამოქალაქო საზოგადოების თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ცესკოს წინასწარმა შედეგებმა საქართველოს უახლოეს ისტორიაში ყველაზე მწვავე პოლიტიკური კრიზისი შექმნა.

"ჩვენ სამოქალაქო საზოგადოებისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები შექმნილ ვითარებაში მივიჩნევთ, რომ ვალდებულნი ვართ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენოთ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის გზების საძიებლად" - აღნიშნა ლაგაზიძემ.

ღია პლატფორმაში იწვევენ ყველა კვალიფიციურ ექსპერტს და ყველა პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიას განურჩევლად მათი საარჩევნო შედეგებისა.

ლაგაზიძის თქმით, პლატფორმა ხელს შეუწყობს:

  • ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის კოორდინაციას
  • საერთაშორისო ავტორიტეტულ ორგანიზაციებთან აქტიური მუშაობა მიუკერძოებელი და დეტალური გამოძიების ჩასატარებლად, რომელიც გამოააშკარავებს ქართული ოცნების მიერ მიტაცებული არჩევნების მტკიცებულებებს
  •  საზოგადოების ფართო ფენებთან პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე კომუნიკაციას

"მოვუწოდებთ ყველას საქართველოში, პოლიტიკურ პარტიებს ექსპერტულ საზოგადოებას, სამოქალაქო საზოგადოებას, დავდგეთ ერთად - ახლა მაინც გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ქვეყნის მომავლის წინაშე, ჩვენი წინაპრებთან ვალდებულების წინაშე, ჩვენი შვილების წინაშე, გადავდოთ ყველა განსხვავება გვერდით, წინ ისეთი მოწინააღმდეგეა, რომელსაც ჩვენ მხოლოდ საერთო რესურსებით, საერთო ინტელექტით შევძლებთ, გავუწიოთ წინააღმდეგობა და ეს ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს"- თქვა ლაგაზიძემ.


close დახურვა