logo
ENG



სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით პენიტენციურის 3 თანამშრომელს ბრალი წარედგინა

09 თებ 202212:31
3 წუთის საკითხავი
 
სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით პენიტენციურის 3 თანამშრომელს ბრალი წარედგინა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, მათი წინადადების საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის 3 თანამშრომელს ბრალი წარედგინა. კერძოდ, საქმე ეხება სამსახურეობრივი გულგრილობის შესახებ ბრალდებას, რასაც გამოძიების ცნობით, პატიმრის სიკვდილი მოჰყვა.

ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, №8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ერთ-ერთი ბრალდებული, მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, 24-საათიანი ვიდეომონიტორინგის ქვეშ იყო.

14 ოქტომბერს, იგი სამკურნალოდ გადაიყვანეს შპს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში და განათავსეს სამეთვალყურეო ვიდეოკამერებით აღჭურვილ პალატაში.

ბრალდების თანახმად, პენიტენციურის თანამშრომლებს ევალებოდათ პატიმრის მუდმივი მონიტორინგი და პალატაში მარტო მყოფი ბრალდებული დატოვეს მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე. უმეთვალყურეოდ დატოვებულმა ბრალდებულმა თავი მოიკლა.

ამ საქმეზე გამოძიება 2021 წლის 15 ოქტომბერს დაიწყო. კერძოდ, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მხრიდან ჩადენილი, სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით, რამაც პატიმრის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

ბრალდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომლებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა წარუდგინა.


close დახურვა