სამტრედიაში ავტოავარიისას დაღუპული 24 წლის შაკო ბარამიძე მართლმადიდებლური წესის აგების გარეშე დაკრძალეს. ინფორმაცია „ფორმულას" ოჯახთან დაახლოებულმა პირმა დაუდასტურა.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურმა ცენტრმა „გირჩმა" განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც სამტრედიის რაიონში დაღუპულ ახალგაზრდას, რომელიც “ბიბლიური თავისუფლების” მღვდელმსახური იყო, სასულიერო პირები წესის აგებაზე უარს ეუბნებოდნენ. „გირჩის" ინფორმაციით, ოჯახმა დაკრძალვა იმის იმედით გადადო, რომ გამოჩნდებოდა სასულიერო პირი, რომელიც წესს აუგებდა გარდაცვლილს, მაგრამ უშედეგოდ.
„გირჩის" საპასუხოდ განცხადება გაავრცელა გარდაცვლილის ოჯახმა, რომლის თანახმადაც ოჯახი ემიჯნებოდა „გირჩის" გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებდა, რომ მიცვალებულის დაკრძალვის თარიღი არ გადაუდიათ იმის მოლოდინში, რომ იპოვნიდნენ სხვა მოძღვარს, რომელიც თანხმობას განაცხადებდა მიცვალებულისათვის წესის აგებაზე.
როგორც ოჯახის განცხადებაში იყო ნათქვამი, მიცვალებულისთვის წესის აგების საკითხს განიხილავდა წმინდა სინოდი.