თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის 4 მოწმეს დაკითხავენ. ოთხივე მოწმე სამართალდამცველია. პროცესს თავად ბრალდებულიც ესწრება.
როგორც რურუას უფლებადამცველი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, გიორგი რურუას იარაღი არ ჰქონია და ის სამართალდამცველებმა ჩაუდეს.
„ოთხივე პოლიციელია. ერთ-ერთი არის როლანდ მესხი, ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი თბილისის პოლიციაში. ასევე მანუჩარ კობახიძე, მაია ბერუაშვილი და ზვიად ნოზაძე. როლანდ მესხი იმყოფებოდა რუსთაველზე, რომელმაც ჩაატარა თითქოს ოპერატიული თათბირი და დავალება გასცა მოეძებნათ და დაეკავებინათ გიორგი რურუა. ასევე, კითხვის ნიშნებს ბადებს დროის ის მცირე მონაკვეთი, რა დროსაც პოლიციელებმა მოასწრეს არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ჩატარება და დოკუმენტის შედგენა. მაია ბერუაშვილია ადამიანი, რომელმაც დაიწყო გამოძიება. უშუალოდ მონაწილე ჩხრეკა-დაკავებაში არც ერთი არ არის, სხვადასხვა სტატუსი აქვთ. ერთ-ერთი სახლში იყო მისული და შეადგინა აქტი, რომ არავინ დახვდა, სინამდვილეში ეს იყო მოჩვენებითი მოქმედება. იმიტომ, რომ მას შემდეგ არ უცდიათ გაეჩხრიკათ გიორგი რურუას სახლი, რადგან იცოდნენ, რომ მას იარაღი არ ჰქონია და ჩაუდეს სამართალდამცველებმა“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.
რურუას კიდევ ერთი უფლებადამცველი ლევან სამუშია კი აცხადებს, რომ სასამართლო მართულია და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას ვერ იღებს.
„მოთხოვნაა, რომ მხარეებმა შეასრულონ მათზე დაკისრებული ვალდებულება, რა ვალდებულელებიც აიღეს და აქედან გამომდინარე პოლიტპატიმარი ბატონი რურუა საპატიმროდან გათავისუფლდეს. ამ ნაწილშიც გადაგდება უნდა ივანიშვილს და არ უნდა მისი გათავისუფლება, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი დასავლელი პარტნიორების იმედი და იმ სწორი პოზიციის, რა სწორი პოზიციაც დღემდე უკავიათ. ის, რომ ბატონი რურუა უკანონოდ ზის პატიმრობაში, წინასასამართლო პროცესზე ამის გამოსწორების შანსი ჰქონდა სასამართლოს, მაგრამ ის დამოუკიდებლად ამას ვერ გაბედავდა. ამის შესაძლებლობა მოგვეცემა და დავაყენებთ შუამდგომლობას. ერთადერთი გამოსავალია ბატონი რურუას გათავისუფლება სამართლებრივად თუ ვიმსჯელებთ, მეორე საკითხია რა დავალებას მიიღებს პოლიტიკური ხელმძღვანელისგან სასამართლო“, - აღნიშნა სამუშიამ.
დააყენებს თუ არა შუამდგომლობას დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე აღკვეთი ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. დღემდე ადვოკატებმა რურუას გათავისუფლება რამდენჯერმე მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარი შუამდგომლობა არცერთ შემთხვევაში არ დააკმაყოფილა. გიორგი რურუას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.