logo
ENG



სამუშია სამინისტროში შეხვედრის შემდეგ: იყო მწვავე შეკითხვები, თემა საკმაოდ მწვავეა

03 თებ 202621:21
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/03/toyki9dsfc5y6d3.jpg

ქართული ოცნების განათლების სამინისტროში მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ თსუ-ის რექტორმა ჯაბა სამუშიამ თქვა, რომ ორი უნივერსიტეტის გაერთიანებასთან დაკავშირებით "მწვავე შეკითხვები" დაისვა.

" დაახლოებით, სამსაათნახევარი მიდიოდა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა. იყო მწვავე შეკითხვები, დაისვა საკითხი ორი უნივერსიტეტის გაერთიანებასთან დაკავშირებით. ორ ნაწილად გავყოფდი ამ შეხვედრას. ჩვენ შევთანხმდით რომ მეორე ნაწილთან დაკავშირებით შეხვედრა კვლავ გაგრძელდება. ეს იყო როგორც ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებული შეკითხვები და მეორე, რა თქმა უნდა, პოლიტიკური საკითხები, რომელსაც გასცემს პასუხს უკვე, რა თქმა უნდა, მინისტრი და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პარასკევს, როგორც სტუ ასევე თსუ ერთად შეხვდება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს ბატონ გივი მიქანაძეს და ჩვენ იქ გვექნება უკვე საუბარი კონკრეტულად ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

ერთი არის განათლების, პოლიტიკის კუთხით და მეორე არის ტექნიკური საკითხები. არსებობს რა თქმა უნდა უფრო გლობალური საკითხი, როგორიც არის ორი უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხი, რაზეც არის საუბარი და ბოლო პერიოდში მიმდინარეობს... ამასთან დაკავშირებით არაერთ გზის გქონდათ თქვენ სიუჟეტი და კოლეგებთან გუშინ შეხვედრაც იყო განათლების სამინისტროში. მე მხედველობაში მაქვს, რომ განათლების გლობალური, ამ რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეკითხვები დაისმება პარასკევს მინისტრთან. რაც შეეხება მეორე, ტექნიკურ საკითხებს, მასზე დღესაც აქტიურად იყო საუბარი.

მე მინდა ცალსახად აღვნიშნო ერთი რამ, რომ თემა საკმაოდ მწვავეა", - თქვა ჯაბა სამუშიამ.

29 იანვარს, ქართული ოცნების განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ოცნების მიერ დაწყებული განათლების რეფორმის ფარგლებში თქვა, რომ მიიღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა როგორც უნივერსიტეტების სტუდენტების, ასევე ზოგირთი ლექტორისა და უნივესიტეტების ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდანაც.


close დახურვა