სუდანის სამხედრო ხელისუფლებამ, თითქმის სამი წლის ომის შემდეგ, ქვეყნის დედაქალაქ ხარტუმში დაბრუნება ოფიციალურად გამოაცხადა. კონფლიქტის განმავლობაში მთავრობა აღმოსავლეთ ქალაქ პორტ-სუდანში ფუნქციონირებდა.
პრემიერ-მინისტრმა კამილ იდრისმა კვირას ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „იმედის მთავრობა“ ხარტუმში დაბრუნდა და ქალაქის მძიმე მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობისთვის საბაზისო სერვისების აღდგენაზე მუშაობას იწყებს. მისი თქმით, ყურადღება გამახვილდება ელექტროენერგიის, წყალმომარაგების, ჯანდაცვისა და განათლების სისტემების გაუმჯობესებაზე.
ხარტუმი სუდანის არმიამ გასული წლის მარტში დაიბრუნა. დედაქალაქი 2023 წელს, კონფლიქტის დაწყებისას, პარამილიტარული დაჯგუფების - სწრაფი მხარდაჭერის ძალების (RSF) კონტროლქვეშ მოექცა, რის გამოც მთავრობა იძულებული გახდა ქალაქ დაეტოვებინა.
გაეროს მონაცემებით, საბრძოლო მოქმედებების პიკზე ხარტუმიდან დაახლოებით ხუთი მილიონი ადამიანი გაიქცა. ქალაქში დარჩენილები საუბრობენ RSF-ის მიერ განხორციელებულ მასობრივ ძარცვაზე და მებრძოლების მხრიდან საცხოვრებელი სახლების მითვისებაზე. დედაქალაქის დიდი ნაწილი ნანგრევებადაა ქცეული, ხოლო გაეროს შეფასებით, საბაზისო მომსახურებები თითქმის არ ფუნქციონირებს.
პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ 2026 წელი სუდანისთვის „მშვიდობის წელი“ უნდა გახდეს. ომის დაწყებიდან დღემდე, ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში სულ მცირე 150 ათასი ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაახლოებით 12 მილიონი იძულებით გადაადგილებული გახდა. გაერო სუდანში არსებულ ვითარებას მსოფლიოში ყველაზე მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისად აფასებს.
კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც სუდანის არმიის მეთაურს, გენერალ აბდელ ფათაჰ ალ-ბურჰანს, და მის ყოფილ მოადგილესა და RSF-ის ლიდერს, გენერალ მოჰამედ ჰამდან დაგალოს შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლა გამწვავდა.
