logo
ENG



სამხარაულმა ლაშქარავას საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა მოამზადა - რა წერია დოკუმენტში

07 იან 202215:41
3 წუთის საკითხავი
 

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან თითქმის ექვსი თვის თავზე სახელმწიფო ექსპერტიზის ბიურომ ექსპერტიზის დასკვნა მოამზადა. დოკუმენტის თანახმად, TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინით ინტოქსიკაციით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროსდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, უწყებამ დასკვნა 30 დეკემბერს მიიღო. დასკვნა 37-გვერდიანი, თუმცა უწყებამ მხოლოდ 6 გვერდი გაასაჯაროვა. 

"დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს დაზიანებები ერთობლიობაში აღებული ატარებენ ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანების ნიშნებს და არ იმყოფებიან მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან", - ვკითხულობთ დასკვნაში. 

დოკუმენტს ხელს აწერს ლაშქარავას ოჯახის მიერ დამოუკიდებელ ექსპერტად მიწვეული ალექსანდრე გაჯაძე. ექსპერტი ფორმულასთან ამბობს, რომ კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად გაავრცელებს განცხადებას.

სამხარაულის დასკვნა მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც UNESCO-მ ოპერატორი 2021 წელს მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, რომელიც ლაშქარავას ოჯახის ინტერესებს იცავს, აცხადებენ, რომ ექსპერტიზის დასკვნა კითხვებს აჩენს.

"მათ არ ჩართეს საერთაშორისო ექსპერტები ისე, როგორს ეს შემოთავაზებული იყო მათი მხრიდან. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ექსპერტიზა ჩატარდა ქართველი ექსპერტების მიერ. რა თქმა უნდა, ჩვენ კითხვებს გვიბადებდა ის მომენტიც, რომ ლექსოს ცხედრის გადასვენება მოხდა, ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად ისე, რომ ჩვენ არ გვქონდა საშუალება ოთხი საათის განმავლობაში გვქონოდა წვდომა, თუ რა ხდებოდა ალექსოს ცხედართან დაკავშირებით და რაიმე მანიპულაცია ხომ არ მომხდარა. ესეც დამატებითი საკითხია, რაზედაც ჩვენ გვქონდა კითხვები", - ამბობს საია-ს ხელმძღვანელი, ნიკა სიმონიშვილი.

ლექსო ლაშქარავას ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის ერთ-ერთი იყო იმ 50-ზე მეტ ჟურნალისტს შორის, რომელთაც თბილისის პრაიდის ჩატარების დღეს თავს დაესხნენ.

ლაშქარავას სასტიკად სცემეს და სახის ძვლები ჩაუმტვრიეს, რის გამოც სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისს ლაშქარავა საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა.

ოჯახი, მედიასაშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციები ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ, რადგან კონტრაქციაზე ვერ უზრუნველყო მათი უსაფრთხოება. 

ლაშქარავას ცემის საქმეზე რამდენიმე პირი დააკავეს, რომელთა სასამართლო პროცესიც ამჟამად მიმდინარეობს. თუმცა ამ დრომდე არ არიან დაკავებულები თავდასხმის ორგანიზატორები.

შსს-მ კი მაშინვე დაიწყო ვერსიის განვითარება, რომ ლაშქარავა ზედოზირებით გარდაიცვალა. თვეების განმავლობაში არ იყო ცნობილი ექსპერტიზის დასკვნაც. 

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმის გამოძიებას უსაფუძვლოდ აჭიანურებდა. 


close დახურვა