logo
ENG



სამხარაძე: გახარია უმრავლესობის წევრებს გვარწმუნებდა, რომ მელიას იმუნიტეტი უნდა მოხსნოდა

29 მარ 202117:54
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/29/t5o4c92dny660g3.jpg

ქართული ოცნების წევრის ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, გიორგი გახარია პრემიერმინისტრობის დროს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს არწმუნებდა, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტი უნდა მოეხსნათ.

როგორც სამხარაძემ დღის კურიერში განაცხადა, მისთვის გაუგებარი იყო, გახარიამ "რატომ შეიცვალა პოზიცია" მელიას საკითხზე და რატომ დატოვა თანამდებობა.

"გახარია უმრავლესობის სხდომაზე არწმუნებდა უმრავლესობის ყველა წევრს, ვისაც შეიძლებოდა ცოტა განსხვავებული პოზიცია ჰქონოდა იმაში, რომ ნიკა მელიას უნდა მოხსნოდა იმუნიტეტი აუცილებლად იმიტომ, რომ სხვა მხრივ ეს არ იქნებოდა სწორი სამართლებრივად. შემდეგ რატომ შეიცვალა პოზიცია არ ვიცი, ეს მას უნდა ჰკითხოთ. ამას პირველად არ ვამბობ, იმ დღესაც ვთქვი, როდესაც მან გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ, მე ვთქვი, რომ ძალიან მოულოდნელი იყო ეს ჩემთვის და გასაკვირი იმიტომ, რომ 3 დღით ადრე გვარწმუნებდა ჩვენ ყველას, რომ იმუნიტეტის მოხსნა იყო აუცილებელი", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. როგორ მან განმარტა, ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე მას და გუნდის დანარჩენ წევრებს განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ. გახარიამ აღნიშნა, რომ კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, მისთვის მიუღებელია.

ყოფილმა პრემიერმა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი 22 მარტს გააკეთა. მან თქვა, რომ სხვადასხვა ჭორის მიუხედავად ის წასვლას არსად აპირებს, პოლიტიკაში რჩება და ყველა არსებულ კითხვას პასუხი გაეცემა.


close დახურვა