logo
ENG



სამხარაძე: თურმე აქ ჩამოვედით მოსკოვის დავალებით - ჩინეთს აყენებენ შეურაცხყოფას

15 იან 202414:03
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების წევრი, ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ ოპოზიციას საერთაშორისო ურთიერთობების "ანალიზის გაკეთების უნარი არ აქვს". ამის შესახებ მან ჩინეთში ვიზიტის პარალელურად ისაუბრა.

"ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში საგარეო პოლიტიკის და ზოგადად, საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზის გაკეთების უნარი არავის არ აქვს, უბრალოდ სასაცილო კი არა სატირალია იმის გაგება, რომ თურმე ჩვენ აქ ჩამოვედით მოსკოვის დავალებით. ისინი ვერც კი ხვდებიან, რომ ამ შემთხვევაში, ჩვენ კი არ გვაყენებენ რაიმე ტიპის შეურაცხყოფას, არამედ ისინი შეურაცხყოფას აყენებენ ჩინეთს", - განაცხადა მან.

დღეს ლელოს ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ჩინეთთან ურთიერთობის დროს მნიშვნელოვანია, ჩინეთმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატოს. მისი თქმით, ამის შესახებ საუბარი რამდენიმე თვის წინ გაფორმებულ ხელშეკრულებაში არ ყოფილა.

გუშინ ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა.

დელეგაცია პეკინსა და შანხაიში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან გია ვოლსკი, ირაკლი ჩიქოვანი, ნიკოლოზ სამხარაძე, დავით სონღულაშვილი, ნინო წილოსანი და ვიქტორ სანიკიძე.

ქართული ოცნების წევრების ჩინეთში ვიზიტი 14 იანვრიდან 20 იანვრამდე გაგრძელდება.


close დახურვა