logo
ENG



სამხარაძე: კონგრესმენებს ვთხოვეთ, ანტიქართული ხასიათის მქონე ინიციატივები შეისწავლონ

06 მარ 202613:00
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/06/3f2gt3ruslk7094.jpg

ქართული ოცნების პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ აშშ-ში ''ქართული ოცნების'' დელეგაციის ვიზიტი შეაფასა. მან თქვა, რომ კონგრესში გამართული შეხვედრების ფარგლებში 5 კონგრესმენს ესაუბრნენ.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, მათ კონგრესმენებს სთხოვეს, "ყურადღებით შეისწავლონ ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებსაც ცალკეული კონგრესმენები წარმოადგენენ ხოლმე და აშკარად ანტიქართული ხასიათი აქვთ".

„ბოლო შეხვედრა გვქონდა კიტ სელფთან, რომელიც არის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და ასევე, დღის განმავლობაში გვქონდა შეხვედრები რენდი ფაინთან, მაიკ ტერნერთან, რაიან ზინკესთან და ანა პაულინა ლუნასთან.

ძირითადი თემა ჩვენი საუბრების ისევ და ისევ იყო ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ამ ურთიერთობების გაჯანსაღება და ახალ ეტაპზე გადაყვანა, თუმცა ჩვენ მიმოვიხილეთ სხვადასხვა სპექტრი საკითხებისა, ძირითადად უსაფრთხოების საკითხებს შევეხეთ, ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, ოკუპაციის საკითხს.

ასევე, კონგრესმენებისგან მივიღეთ ინფორმაცია ირანში მიმდინარე მოვლენებზე და მათ შეფასებაზე. კონგრესმენები ასევე დაინტერესდნენ შუა დერეფნის განვითარების საკითხით და საქართველოს როლით შუა დერეფანში. შესაბამისად, ძალიან საინტერესო საუბრები და დიალოგები გვქონდა.

ჩვენ ვთხოვეთ კონგრესმენებს, რომ ყურადღებით შეისწავლონ ხოლმე ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებსაც ცალკეული კონგრესმენები წარმოადგენენ ხოლმე და აშკარად ანტიქართული ხასიათი აქვთ, რათა იმ პოზიტიურ დინამიკას, რაც ჩვენს ურთიერთობებში ახლა გამოჩნდა, ზიანი არ მიადგეს'', – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ქართული ოცნების პარლამენტის დელეგაცია აშშ-ში ვიზიტით იმყოფებოდა. სამთავრობო მედია TV Imedi-მა დაწერა, რომ ქართული ოცნების დეპუტატები - ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი და ლიკა შარტავა - "კონგრესმენი ანა პაულინა ლუნას მოწვევით" ვაშინგტონში 4-5 მარტს დაგეგმილ ღონისძიებას დაესწრებიან, რომელსაც სახელად - "სუვერენული ერების ალიანსი" ჰქვია.

ანა პაულინა ლუნა - რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის დახმარების წინააღმდეგია და მხარს უჭერს რუსეთ-აშშ-ის შორის "სამშვიდობო-სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას". ის მუდამ უკრაინისთვის დახმარების გაწევის საწინააღმდეგოდ აძლევდა ხმას - ამასთან, 2025 წლის ოქტომბერში კონგრესმენი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელს შეხვდა.

4 მარტს ქართული ოცნების პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს ენდრიუ ბეიკერს შეხვდა. 

აშშ-ში ქართული ოცნების დელეგაციის ვიზიტის შემდეგ, ფორმულას სახელმწიფო დეპარტამენტში უთხრეს, რომ “განიხილავენ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ქვეყნებს შორის ურთიერთობების წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად”.


close დახურვა