logo
ENG



სამხარაძე: საბჭოზე დადგება აფხაზეთიდან გადმოსვლის წესების შემსუბუქების საკითხი

10 აპრ 202122:54
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/10/zlg3y1121b2f9v1.jpg

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოზე დადგება ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის წესების შემსუბუქების საკითხი. 

"გადასასვლელები დაკეტილია და გალში მცხოვრებ მოქალაქეებს, რეალურად შეზღუდული აქვთ გადმოსვლის უფლება, თუმცა ხუთდღიანი კარანტინის თემაც გასათვალისწინებელია. თავის დროზე ეს პუნქტი გაჩნდა იმიტომ, რომ აფხაზეთში იყო ძალიან რთული ვითარება პანდემიასთან დაკავშირებით. ძალიან ცოტა ტესტი კეთდებოდა 24 საათის განმავლობაში და ამ ტესტებიდან ძალიან მაღალი იყო მაჩვენებელი. ანუ კოვიდვითარება აფხაზეთში ბევრად უფრო მძიმე იყო ვიდრე დანარჩენ საქართველოში. პუნქტი გაჩნდა იმიტომ, რომ იქიდან დამატებით არ შემოსულიყვნენ დაავადებული ადამიანები. გუნდში პირველადი განხილვა იყო ამასთან დაკავშირებით და, ალბათ, ძალიან მალე საკოორდინაციო საბჭოზე დადგება საკითხი, რომ შემსუბუქდეს უფრო ჩვენი აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის დანარჩენ საქართველოში გადმოსვლის წესები", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ იმედის ეთერში. 

საქართველოს ოთხი მოქალაქე მდინარე ენგურის კვეთისას 7 აპრილს დაიღუპა. დაღუპულებს საოკუპაციო რეჟიმისგან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის ნებართვა ჰქონდათ, თუმცა, ქართული მხარის მიერ დაწესებული კარანტინის გამო სიცოცხლით გარისკეს. 

მდინარე ენგურიდან ამოყვანილი ცხედრები ერთი ოჯახის წევრები იყვნენ.

გალის მცხოვრებლებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა საოკუპაციო რეჟიმმა 1 წლის წინ, მაშინ აუკრძალა, როცა კორონავირუსი გავრცელდა. დამატებით კი საქართველოს ხელისუფლება მათ კარანტინს უწესებს, რაც მდგომარეობას განსაკუთრებით ართულებს.  

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომხდარზე მთელ პასუხისმგებლობას მხოლოდ საოკუპაციო რეჟიმს აკისრებს და აცხადებს, რომ "მომხდარმა წარმოაჩინა ოკუპაციის თანმდევი პროცესების დანაშაულებრივი არსი". 

10 აპრილი გლოვის დღედ პრემიერმინისტრის განკარგულებით გამოცხადდა.

 


close დახურვა