logo
ENG



სამხარაძე რეზოლუციაზე: მსგავსი სასულეების ერთად თავმოყრილი დოკუმენტი არასდროს მინახავს

09 ოქტ 202417:10
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/09/ia3j2kn9sj5b9ad.jpg

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკა სამხარაძე ამბობს, რომ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია "სამარცხვინოა" და მას "სასულეების ერთად თავმოყრილ" დოკუმენტს უწოდებს. ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

"ქართული ოცნება არის დემოკრატიულ საწყისებზე არსებული პარტია, შესაბამისად, ქართული ოცნება ყოველთვის სცემს პატივს არჩევნების შედეგებს და არჩევნების შედეგები როგორიც იქნება, ისე მოიქცევა. შესაბამისად, ჩანაწერი სრულიად ზედმეტი იყო სრულიად. [...] საერთოდ, როგორ შეგვიძლია, რომელიმე ამ ჩანაწერზე სერიოზული კომენტარი გავაკეთოთ. ეს უკვე აღარც სამარცხვინოა და საერთოდ არაფერში წერია. მსგავსი სასულეების ერთად თავმოყრილი დოკუმენტი ნამდვილად არასდროს მინახავს და არასდროს წამიკითხავს", - თქვა სამხარაძემ.

ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. კენჭისყრაში 654-მა ევროპარლამენტარმა მიიღო მონაწილეობა. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 495, წინააღმდეგი იყო 73, თავი შეიკავა 86-მა.

რეზოლუციის ტექსტები ევროპარლამენტის სხვადასხვა ჯგუფებს ჰქონდათ მომზადებული, ჯამში, მომზადებული 7 ტექსტიდან - ევროპარლამენტარები ერთ საერთო ვერსიაზე შეთანხმდნენ.

რეზოლუციის საერთო ტექსტში მოხვდა ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილის პერსონალური სანქცირების შესახებაც. კერძოდ, ევროპარლამენტარები გმობენ ბიძინა ივანიშვილის პირად როლს "მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისსა და ევროატლანტიკური ორიენტაციისთვის ძირის გამოთხრისა და ქვეყნის რუსეთისკენ მიბრუნების მორიგ მცდელობაში".

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროპულ საბჭოსა და EU-ის დემოკრატიულ პარტნიორებს, დაუწესოს დაუყოვნებლივი და მიზანმიმართული პერსონალურ სანქციები ბიძინა ივანიშვილს "საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო".

ასევე, რეზოლუციაში მოწოდებაა ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიმართ, დააწესონ პერსონალური სანქციები ყველა იმ პირის მიმართ, "ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე".

რეზოლუციაში მოწოდებაა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, უზრუნველყოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში ჩატარება, რათა გარანტირებული იყოს გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი პროცესი, რომელიც ასახავს ხალხის დემოკრატიულ ნებას.


close დახურვა