თათია სამხარაძემ POSTV-ის დამფუძნებლის შალვა რამიშვილისა და თანამშრომლის, ნათია ბერიძის მხრიდან ჩადენილი სავარაუდო ადევნების დანაშაულთან დაკავშირებით შსს-ს მიმართა და მოითხოვა, დაიწყოს გამოძიება. სამხარაძის ინტერესებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს.
როგორც სოციალური სამართლიანობის ცენტრში აცხადებენ, რამიშვილისა და ბერიძის ქმედებები სამხარაძესთან დაკავშირებით შესაძლოა შეიცავდეს ადევნების დანაშაულის ნიშნებს, ვინაიდან მათი ქმედებების ერთადერთი მიზანი, სავარაუდოდ, სამხარაძისთვის ფსიქიკური ტანჯვის მიყენება და მისი იძულებაა შეიცვალოს ცხოვრების წესი - შეწყვიტოს შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალურ შევიწროვებაზე საუბარი.
"მიგვაჩნია, რომ გამოვლენილი ქმედებები, წარმოადგენს ქალზე ძალადობის ერთ-ერთ ფორმას, რაც თავისთავად საჭიროებს გამოძიებას და მომხდარისთვის რელევანტური სამართლებრივი შეფასების მიცემას. ძალადობის, დევნისა და შევიწროების მსხვერპლი ქალების ჯეროვანი დაცვა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ქალების უსაფრთხოებისთვის, თანასწორობისთვის და პოლიტიკური და საზოგადოებრივი მონაწილეობისთვის", - აცხადებენ სოციალური სამართლიანობის ცენტრში.
შსს-ში განცხადების დატოვების შემდეგ, სამხარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ადგილი ჰქონდა ორივე პირის მხრიდან დანაშაულის ჩადენას, საუბარია ადევნებაზე და კამპანია, რომელიც მის წინააღმდეგ მიმდინარეობს, ემსახურება ერთადერთ მიზანს - რამიშვილმა შური იძიოს ის მოგებული საქმეების გამო, რომლებიც სამხარაძის სასარგებლოდ დასრულდა სასამართლოში.
სამხარაძე პასუხობს ქართული ოცნების ლიდერებს და აცხადებს, რომ ქალების სოლიდარობას არც ერთი პირის ორკესტრირება არ სჭირდება. მან მიმართა დიპლომატიურ კორპუსს და მოუწოდა, გაუწიონ მეთვალყურეობა აღნიშნულ საქმეს და დაინტერსდნენ, რამდენად მოახერხებს შსს საკუთარი პროპაგანდისტის წინააღმდეგ საქმის დაწყებას.
"მოტივი იყო ცალსახად შურისძიება ქალზე, რომელმაც გაბედა და ხმა ამოიღო... მე ჩემი სიმართლე სასამართლოში უკვე დავამტკიცე, მათ შორის დავამტკიცე ოცნების სასამართლოში. ქალების მიმართ ის უნდობლობა, რომელიც მაღალი პოლიტიკური პლატფორმიდან გავიგეთ, რომ თითქოს ქალები შეიძლება ორკესტრირებულები იყვნენ, მინდა, დავარწმუნო ბატონი კობახიძეც და მდინარაძეც, რომ ქალთა სოლიდარობას არანაირი ორკესტრირება არ სჭირდება... მე მინდა ვთხოვო საერთაშორისო თანამეგობრობას და საქართველოში ევროპული ქვეყნების ელჩებს, იქნებ ისინიც დაინტერესდნენ ამ საქმის მვლელობით", - თქვა სამხარაძემ.
* * *
ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში 21 მარტს ამხილა. ამის შემდეგ რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა. მათი ისტორიები მსგავსია. როგორც ქალები ამბობენ, ისინი გასაუბრების დროს შეავიწროვეს. სექსუალური შევიწროების ბრალდებებს უარყოფს შალვა რამიშვილი.
ისტორიების მოყოლის შემდეგ ორგანიზებული თავდასხმა დაიწყო თათია სამხარაძის მიმართ. თათია სამხარაძე ერთ-ერთია, ვინც POSTV-ის ხელმძღვანელი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. მან რამიშვილს ტელეკომპანია იმედში ყოფნის დროს, 2016 წელს უჩივლა. 2018 წლის 3 იანვარს შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმეზე საქალაქო სასამართლომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. რამიშვილმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მოსამართლემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ორი ინსტანციის გადაწყვეტილება რამიშვილს უზენაეს სასამართლოში აღარ გაუსაჩივრებია.
26 მარტს სამხარაძემ Facebook-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ სამთავრობო პროპაგანდისტული POSTV იტყუება, თითქოს ის დიმა ჩიქოვანის სახლიდან ვერ გამოდის, რადგან ჩალურჯებები აქვს. სამხარაძემ ამის საპირისპიროდ ვიდეო სახლიდან ჩაწერა, რომელშიც ჩანს, რომ დაზიანებები არ აქვს.
112-ში პროპაგანდისტული ტელევიზიის POSTV-ის მიერ განხორციელებული ცრუ შეტყობინების გამო 24 მარტს გვიან ღამით ნაციონალური მოძრაობის წევრის დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიცია მივიდა და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.
უწყებაში POSTV-ის პროპაგანდისტმა, ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ ჩიქოვანმა, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა. პოლიციელებმა დანაშაული ვერ დაადგინეს - ენმ-ის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო ცრუ დასმენა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, დიმა ჩიქოვანის მიმართ მოწყობილი შეგნებული პროვოკაცია.
მომხდარის შესახებ თათია სამხარაძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო უწყებები პოსტივისთან ერთად "ჰიბრიდულ სპეცოპერაციებს დგამენ და ცრუ დასმენით, თითქოს მე გატაცებული ვიყო სახლში უვარდებიან ოპოზიციური პარტიის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს. აი ასე, პროვოკაციულად უდანაშაულო ადამინს აბრალებენ სისხლის სამართლის უმძიმეს დანაშაულს."
სამხარაძის თქმით, მისი უსაფრთხოება, როგორც ქალთა უფლებადამცველის, საქართველოში საფრთხეშია.