logo
ENG



სამხრეთ კორეის პარლამენტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა

14 დეკ 202413:26
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/14/gw8aksqpkctl4jf.png

სამხრეთ კორეის პარლამენტმა პრეზიდენტის იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო სამხრეთ კორეის პრეზიდენტის იმპიჩმენტის გამოცხადებას მხარი 204-მა პარლამენტარმა დაუჭირა, 85 წინააღმდეგ წავიდა, 3-მა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, 8 ხმა კი ბათილად იქნა ცნობილი.

იუნ სუკ იოლის უფლებამოსილება შეუჩერდება, რადგან იმპიჩმენტის საკითხის განხილვა ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოშიც უნდა გაიმართოს. ამ დროის განმავლობაში სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მოვალეობას მოქმედი პრემიერი შეასრულებს.

იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს 9-წევრიანი საბჭოს 6 წევრი მხარს დაუჭერს იმპიჩმენტის პროცედურას, პრეზიდენტი თანამდებობას დაკარგავს და გადაწყვეტილების მიღებიდან 60 დღის ვადაში ახალი საპრეზიდენტო არჩევნები ჩაინიშნება.

3 დეკემბერს სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, მიზეზად კი "თავისუფალი სამხრეთ კორეის ჩრდილოეთ კორეის კომუნისტური ძალების საფრთხისგან დაცვა" დაასახელა. ამ გადაწყვეტილებას ქვეყანაში დემონსტრაციები მოჰყვა, რა დროსაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის იყო შეტაკებაც.

მოგვიანებით, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გააუქმოს. პარალელურად კი, ქვეყნის ოპოზიციამ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრა 2-ჯერ გაიმართა. პირველ შემთხვევაში, მმართველმა პარტიამ კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა, კვორუმი ვერ შედგა, შესაბამისად, იმპიჩმენტის პროცედურა ჩავარდა.


close დახურვა