„ქართული მარშის“ წევრი სანდრო ბრეგაძე სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვს. ბრეგაძე, სახალხო დამცველის ოფისთან, არასრულწლოვნის მშობელთან ერთადაა მოსული, რომელიც ამბობს, რომ მისი არასრულწლოვანი შვილი ფილმში მოტყუებით გადაიღეს.
გარდა ამისა, ბრეგაძე სახალხო დამცველისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს იმის გამო, რომ ნინო ლომჯარიამ მათ ძალადობრივი ჯგუფები უწოდა.
„აქ არიან დაზარალებული ბავშვების მშობლები, რომლებიც მოტყუებით გადაიღეს ფილმში. ეს არის ბავშვთა უფლებების დარღვევა. ასევე, ლომჯარია ჩვენ გვიწოდებს მოძალადე ჯგუფებს, ამიტომ მე მოვითხოვ მისგან, მან მოიხადოს ბოდიში. მხოლოდ ჩრდილოეთ კორეაში თუ მოხდება, რომ სახალხო დამცველი პოლიციის საშუალებით ემალებოდეს ხალხს“, - განაცხადა ბრეგაძემ.
ერთ-ერთი მშობელი ამბობს, რომ მისი შვილი 10 წლის იყო, როცა ფილმში გადაიღეს, თუმცა არ იცოდა შემდეგი კადრები რა შეიძლებოდა ყოფილიყო.
„კადრია, სადაც ბავშვები ცეკვავენ, მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით, მერე რა კადრები მოჰყვებოდა. ფილმი ოსკარზეა გასული და რომ მომთხოვოს შვილმა, მანახე ოსკარზე გასული ფილმიო, როგორ ვანახო ეს გაუკუღმართებული ფილმი“, - აცხადებს მშობელი.
ადგილზე ამჟამად პოლიციაა მობილიზებული.