logo
ENG



სანდრო ბრეგაძე სუს-ში დაიბარეს

21 ივლ 202009:56
3 წუთის საკითხავი
 

ძალადობრივი ჯგუფის „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სუს-ში დაკითხვაზე დაიბარეს. ინფორმაცია „ფორმულას“ ბრეგაძემ დაუდასტურა.

მისი თქმით, არ დაუსახელებიათ მიზეზი, თუ რატომ არის ის უწყებაში დაბარებული.

„არ ვიცი, არ უთქვამთ თუ რატომ დამიბარეს. შეიძლება, ეს მარნეულში 5 დღის წინ განვითარებულ მოვლენებს ეხებოდეს“, - განაცხადა ბრეგაძემ.

როგორც სუს-ში „ფორმულას“ განუცხადეს, ბრეგაძე უწყებაში ეთნიკური შუღლის გაღვივების ფაქტზეა დაბარებული.

მარნეულში მერიის წინ ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციის სამუშაოები გაზაფხულზე დასრულდა. 

1870 წელს საქართველოში დაბადებული ნარიმან ნარიმანოვი ბოლშევიკური საქმიანობით იყო დაკავებული, იყო რევოლუციური კომიტეტის წევრი და თავმჯდომარე, ასევე საბჭოთა კავშირის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის ხელმღვანელი. 

მიუხედავად მისი ბიოგრაფიისა, ძეგლის რეაბილიტაციის კრიტიკამ ზოგ შემთხვევაში ქსენოფობიური ხასიათი მიიღო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თქვა, რომ "კონკრეტული ჯგუფები კახეთსა და ქვემო ქართლში ეთნიკური შუღლის გაღვივივებას ცდილობენ" და გამოძიება დაიწყო.

უფრო კონკრეტულად, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა ქადაგებისას თქვა, რომ ძეგლის რეაბილიტაციით მარნეულის მერმა უკანონობა ჩაიდინა: "მერი მარტო აზერბაიჯანელებმა კი არა, ქართველებმაც აირჩიეს ... ქართველებს საერთოდ ღირსება თუ შეგვრჩენია, მაშინ ჩვენი მტრების ძეგლი არ უნდა იდგეს შუა ქალაქში. ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის დიდი შეურაცხყოფა. ეს არის ჩვენს წინაპართა სულში ჩაფურთხება", - თქვა მან. ამასთან, ეთნიკურ აზერბაიჯანელებს შეასხსენა, რომ "ქართულ მიწაზე ცხოვრობენ".

თავად ეპისკოპოსი ირწმუნება, რომ ის ეთნიკურ შუღლს არ აღვივებს და მისი მოწოდებები კანონიერია.

სასულიერო პირის ქადაგების შემდეგ ვიდეომიმართვა გაავრცელა სანდრო ბრეგაძემაც, სადაც ამბობდა, რომ ეპისკოპოსს ამ საკითხში მთელი საქართველო "სისხლის უკანასკნელ წვეამდე ფიზიკურად დაიცავდა".

დღეს ბრეგაძე საპირისპიროს ამტკიცებს, თუმცა არაერთი მედიის მიერ გავრცელებული მასალა მოწმობს, რომ  ქართული მარშის სხვა წევრები 16 ივლისს მარნეულში იმყოფებოდნენ. ისინი ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღებას სწორედ ეპისკოპოსთან ერთად ითხოვნდნენ. 

"ქართული მარშის" ლიდერი ბოლო წლებში არაერთი ძალადობრივი აქციის ორგანიზატორი იყო, თუმცა, პასუხისგებაში არ მიუციათ.  

"ქართულ მარშზე", როგორც რუსული ძალის გააქტიურების ერთერთ ნიშანზე, საუბარია კრემლის საფრთხეებზე ესტონეთის საგარეო დაზვერვის დასკვნაშიც.

 

 


close დახურვა