გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის წარმატების შემთხვევაში საფრთხე მოლდოვასაც ემუქრებოდა და უკრაინის დამსახურებაა, რომ დღეს მოლდოვა უსაფრთხოდაა.
სანდუს თქმით, უკრაინაში ომის დაწყების პირველ კვირებში მოვლენები ისე რომ განვითარებულიყო, როგორც პუტინი გეგმავდა, ისინი, სავარაუდოდ უკრაინის საზღვრებთან არ გაჩერდებოდნენ.
„არ მჯერა, რომ ისინი საზღვართან გაჩერდებოდნენ. ჩვენ დღეს უსაფრთხოდ მხოლოდ უკრაინის დამსახურებით ვართ“ - განაცხადა სანდუმ.
მოლდოვის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს საბჭოთა კავშირის აღდგენა უნდა, თუმცა მოლდოვას სურს, დემოკრატიული სამყაროს ნაწილი გახდეს.
"მათ სურთ საბჭოთა კავშირის აღდგენა. მათ სურთ ძველი დროის დაბრუნება. და ჩვენ ეს არ გვსურს. მოლდოვა ბუფერული ზონა იყო 30 წლის განმავლობაში და ეს ჩვენთვის სიღარიბეს, კორუფციას, ცუდ ხელისუფლებას, ემიგრაციას ნიშნავდა. ჩვენ გვინდა, დემოკრატიული სამყაროს ნაწილი ვიყოთ" - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.
მისი თქმით ევროკავშირის მხარდამჭერი მოლდოველები კარგად ხედავენ განსხვავებას, თუ რას სთავაზობს მათ დასავლეთი და რუსეთი.
სანდუმ მიმდინარე წლის თებერვალში ისაუბრა, რომ რუსეთი მისი ხელისუფლების გადაგდებას ცდილობდა. მოლდოვაში პრორუსული პარტიის ორგანიზებით გაიმართა ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციები. მისი თქმით, რუსეთი გეგმავდა, ხალხი ქვეყნის გარედან შემოეყვანა, რათა მოლდოვაში არეულობა მოეწყოთ. თუმცა, მისი თქმით, რუსეთის გეგმა არარეალისტურია, მაგრამ საფრთხეს უქმნის მოლდოვის ხელისუფლების პროევროპულ ძალისხმევას.
„რუსეთი ყოველთვის ცდილობდა, მოლდოვა გაეკონტროლებინა. ასე რომ, როცა მათ დაინახეს, რომ ენერგორესურსებს ვეღარ გამოიყენებდნენ ჩვენი შანტაჟისთვის, გადაწყვიტეს სხვა ზომებისთვის მიემართათ, მათ შორის ქუჩის პროტესტისთვის, რომლითაც სოციალური გაჭირვებით ისარგებლეს... მათ ეს ვერ შეძლეს და კვლავ შეცვალეს [გეგმები]“ - განაცხადა სანდუმ.