logo
ENG



სანქციების გამო ვენესუელამ ევროკავშირის საარჩევნო დამკვირვებლებს მოწვევა გაუუქმა

29 მაი 202416:54
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/29/kil68vxw6hiiinw.jpg

ვენესუელამ ევროკავშირის საარჩევნო დამკვირვებლებს ივლისში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე მოწვევა გააუქმა.

ქვეყნის ეროვნული საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელმა, ელვის ამოროსომ განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ევროკავშირმა ვენესუელას სანქციები დაუწესა.

ამ თვის დასაწყისში, ევროკავშირმა ამოროსოს მიმართ ინდივიდუალური სანქციები დროებით მოხსნა, თუმცა მან გადაწყვეტილება უარყო და განაცხადა, რომ ვენესუელას ყველა სანქცია უნდა მოეხსნას.

"ისინი იმ ქვეყანაში ჩასვლის ღირსები არ არიან, სადაც სანქციები აქვთ დაწესებული. ევროკავშირის სანქციები კოლონიალისტური, იძულებითი, ცალმხრივი და გენოციდურია", - განაცხადა ამოროსომ.

თავის მხრივ, სამშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში ევროკავშირის ოფისმა თქვა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების გამო "ღრმა სინანულს გამოთქვამს" და საბჭოს მისი შეცვლისკენ მოუწოდებს.

ვენესუელაში ივლისის კენჭისყრა პირველი შემთხვევაა, როდესაც ოპოზიცია, რომელმაც 2018 წლის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს.

სოციალისტური მმართველი პარტიის პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო მესამე ვადით იბრძვის, ხოლო ყოფილმა დიპლომატმა, ედმუნდო გონსალესმა არჩევნებში გამარჯვება მთავარი ოპოზიციური კოალიციის სახელით გადაწყვიტა.

გასულ წელს, მადუროს მთავრობამ ოპოზიციასთან არჩევნების ჩატარების თაობაზე შეთანხმებას მიაღწია, რამაც შეერთებული შტატები აიძულა, ნავთობთან დაკავშირებული სანქციები დროებით შეემსუბუქებინა.

აპრილში ვაშინგტონმა სანქციები ხელახლა დააწესა და განაცხადა, რომ მთავრობამ არ გააკეთა საკმარისი იმისათვის, რომ საარჩევნო პროცესი სამართლიანი ყოფილიყო.

რაც შეეხება ევროკავშირს, მას ვენესუელაზე სანქციები 2017 წლიდან აქვს დაწესებული, რაც მაღალჩინოსნების სავიზო შეზღუდვებს, იარაღის შესყიდვაზე ემბარგოსა და აქტივების გაყინვასაც გულისხმობს.


close დახურვა