ოკუპირებულ ცხინვალში დემონსტრაციების დაწყებიდან მეორე დღეს უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. ქალაქში მილიციის დანაყოფები პატრულირებენ. საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, მათი მიზანი არეულობის თავიდან აცილებაა.
დემონსტრაციები გუშინ ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის მანქანის დაცხრილვაში ბრალდებული ინალ ჯაბიევის დაღუპვას მოყვა. 28 წლის ჯაბიევი, სავარაუდოდ, დაკითხვისას შემოაკვდათ.
შექმნილი ვითარების ფონზე ანატოლი ბიბილოვმა, ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ე.წ მთავრობა დაითხოვა, თუმცა დემონსტრანტები თავად ბიბილოვის გადადგომას მოითხოვენ.
ბიბილოვმა დემონსტრანტებთან გასაუბრება პირადად სცადა, თუმცა დიალოგი არ შედგა, ვინაიდან ბიბილოვს საპროტესტო აქციის მონაწილეები აგრესიული შეძახილებით შეხვდნენ.